ახალი ამბები

ცხინვალის წარმომადგენლები ქართულ მხარეს კნოლევში დაკავებულის გათავისუფლებას დაპირდნენ

20 ივლისი, 2015 •
ცხინვალის წარმომადგენლები ქართულ მხარეს კნოლევში დაკავებულის გათავისუფლებას დაპირდნენ

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკრი დეპარტამენტის წარმომადგენლის, შალვა ენუქიძის განმარტებით, რომელიც ასევე იმყოფებოდა ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკრი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დააყენეს საკითხი ადგილობრივი მოსახლებისთვის მოსავლის ყოველგვარი პრობლემების გარეშე აღებასთან დაკავშირებით.

 

“ასევე, დროშის გადმოცემასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ პასუხი მიიღო, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე დღეში ცხელი ხაზის საშუალებით დაგვიკავშირდებიან და დროშას გადმოგვცემენ”, – აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.

 

შს სამინისტროს წარმომადგენლის თქმითვე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული კნოლევის მკვიდრი, ვაჟა თოთლაძე, გათავისუფლებული იქნება.

 

ერგნეთში დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც.

 

განცხადებაში წერია, რომ ქართულმა მხარემ გამყოფ ხაზზე ბანერებისა და მავთულხლართების განთავსება გააპროტესტა და ამ პროცესის შეჩერება მოითხოვა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს გამყოფ ხათან მდებარე სოფლების მოსახლეობის მიერ მოსავლის აღების საკითხი. ოსურმა მხარემ გამოთქვა მზაობა, მოსახლეობას დაბრკოლებები არ შეუქმნას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზე.

 

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი გეგმიური 57-ე შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

 

აღნიშნულ შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი