ახალი ამბები

სურკოვი კრემლს ტოვებს. რა როლი ჰქონდა მას პუტინის პოლიტიკაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

19 თებერვალი, 2020 • 4557
სურკოვი კრემლს ტოვებს. რა როლი ჰქონდა მას პუტინის პოლიტიკაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ოფიციალურად გაათავისუფლა თანამდებობიდან. სურკოვი არასდროს ყოფილა საყოველთაოდ ცნობილი ფიგურა  – არც რუსეთში და, მით უმეტეს, არც საქართველოში, თუმცა მისი გავლენა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი იყო.

სურკოვი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის მთავრობაში და არაერთ თანამდებობას იკავებდა, სხვადასხვა დროს იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.

ვინ არის სურკოვი და რატომაა მისი წასვლა მნიშვნელოვანი

სურკოვი 2013 წლის სექტემბრიდან პუტინის თანაშემწე იყო დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. გარდა ამისა, იგი კურირებდა კრემლის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში. რუსული მედიის თანახმად, ზუსტად სურკოვი იყო დაკავებული სეპარატისტული თვითგამოცხადებული – ლუგანსკის და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკებიის საქმეების კურირებით.

ამ პოსტზე გატარებული 7 წლის განმავლობაში სურკოვი ორჯერ იყო აფხაზეთში – 2014 და 2020 წლებში- წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისების მოსაგვარებლად.

2014 წელს, ევრომაიდანისა და ვიქტორ იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადაყენების დროს, იგი კიევშიც იყო, უკრაინის პროკურატურის განცხადებით – ევრომაიდანის აქციების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მისაღებად. 2015 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ სურკოვი ევრომაიდანის დროს კურირებდა იმ სნაიპერების მოქმედებებს, რომლებიც  მომიტინგეებს ესროდნენ. ნალივაიჩენკომ აგრეთვე აღნიშნა, რომ სურკოვი ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების კურატორი იყო. ეს დაადასტურა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილმა „თავდაცვის მინისტრმა“, იგორ სტრელკოვმა, რომელიც იქამდე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში (ФСБ) მუშაობდა.

როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ, სურკოვს ხშირად უწოდებდნენ კრემლში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს.  The Washington Times-მა მას „კრემლის გამორჩეული პოლიტიკური გონება“ უწოდება. გარდა ამისა, სურკოვი ერთხელ საჯაროდ დაუპირისპირდა ვლადიმერ პუტინს  – შემთხვევა 2013 წლის გაზაფხულზე, მთავრობისა და პრეზიდენტის სხდოამზე მოხდა, როცა პუტინმა მედვედევის მთავრობა მის მიერ მიცემული დავალებების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა. სურკოვი პუტინს იქვე, საჯაროდ დაუპირისპირდა და მის ნათქვამს არ დაეთანხმა. მეორე დღესვე მან თანამდებობა „საკუთარი სურვილით“ დატოვა, თუმცა იმავე წლის სექტემბერში პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუბრუნდა.

რას ნიშნავს სურკოვის წასვლა საქართველოსთვის

რამდენად ექნება სურკოვის წასვლას გავლენა კრემლის პოლიტიკაზე ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოსადმი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ალექსეი ჩესნაკოვი აცხადებს, რომელმაც სურკოვის წასვლა თითქმის ერთი თვის წინ დააანონსა, მიმდინარე მოვლენები დაკავშირებულია „უკრაინის მიმართულებაზე კურსის ცვლილებასთან“.

„მისი წასვლა, სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რომ რამეს რადიკალურად შეცვლის“, – განაცხადა რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას. „რუსეთს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული იმპერიალისტური პოლიტიკა ჩვენი რეგიონების მიმართ, არა მგონია, რამე სერიოზულად შეიცვალოს“, – აღნიშნა მან.

„რეალურად, მისი გაშვება ვერ მოახდენს სერიოზულ გავლენას რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ. მეორე, ჩვენ ეს უკვე გვიხილავს – უკვე იყო გაშვებული სურკოვი და დააბრუნეს, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, ისევ დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში“, – დაამატა ჩეჩელაშვილმა.

ვინ შეცვლის სურკოვს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სურკოვის საპასუხისმგებლო სფეროებს გადაიბარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე – დიმიტრი კოზაკი, რომელმაც რუსეთის მთავრობაში მუშაობა პუტინის მიერ პრემიერის თანამდებობის დაკავების შემდეგ დაიწყო. რამდენად შეცვლის ის სურკოვის მიერ აღებულ კურსს, ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი