ამერიკული ავიამწარმოებელი ბოინგი კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგა – ახალი თაობის თვითმფრინავ Boeing 737 MAX-ში, რომელიც ორი ავიაკატასტროფის გამო დროებით ხმარებიდან ამოიღეს, ახალი ხარვეზი აღმოაჩინეს.
ახალი, ჯერ კიდევ ავიაკომპანიებისთვის გადაუცემელი ეგზემპლარების შემოწმებისას კომპანიამ აღმოაჩინა, რომ არაერთი მათგანის საწვავის ავზებში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო ნარჩენი იყო დატოვებული, მათ შორის, მეტალის ფრაგმენტები და ა.შ.
კომპანიის პრესსპიკერმა BBC-ის უთხრა, რომ უცხო საგნები თითმფრინავის ავზებში იმ დროს იპოვეს, როცა საცავში არსებულ თვითმფრინავებს ამოწმებდნენ.
ბოინგ 737-ის სერიის თვითმფრინავების პროგრამის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ეს არის “აბსოლუტურად მიუღებელი”.
ბოინგი თავისი არსებობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კრიზისის გადალახვას ცდილობს. ახალი თაობის თვითმფრინავი 737 Max 8, რომელიც გამოშვებისთანავე პოპულარული გახდა და გაყიდვებიც ელვის სისწრაფით იზრდებოდა, მარეგულირებლის ბრძანებით დროებით ამოიღეს ხმარებიდან.
2018 წლის 29 ოქტომბერს ინდონეზიაში Lion Air-ის 737 Max 8-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 189 ადამიანი ემსხვერპლა. მსგავსი კატასტროფა იდენტური მიზეზით განმეორდა 2019 წლის 10 მარტს. Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას 157 ადამიანი დაიღუპა.
2019 წლის 14 მარტიდან 737 Max 8-ის ოპერირება დროებით აიკრძალა. მიზეზი გახდა გამოძიების წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, ავიაკატყასტროფებს იწვევდა თვითმფრინავის კომპიუტერული სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი. ბოინგმა პრობლემის გამოსწორება დაიწყო და აღნიშნული მოდელის თვითმფრინავის ბაზარზე დაბრუნებას 2020 წლის ბოლომდე გეგმავს.