თინა ხიდაშელის განცხადებით, სწავლებას ასევე ესწრებოდნენ დამკვირვებლები ნატოს შტაბბინიდანაც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, რომელზეც სამეთაურო-საშტაბო სწავლების სცენარი წარადგინეს. ასევე, პრეზიდენტმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა პოლკისა და მრავალეროვნული ბრიგადის მეთაურებმა სწავლების მიხედვით არსებული ვითარება გააცნეს.
ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.

