არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღეს, 18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია „Stop Russia“ -ს ორგანიზატორებისა და მონაწილეების მანიფესტაციის უფლებას პოლიცია უკანონოდ ზღუდავს, როდესაც სცენის დამონტაჟების უფლებას არ აძლევს.
“შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციის 25-ე მუხლითაა გარანტირებული და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს არ შეუძლია, თუ აქციამ კანონსაწინააღმდეგო სახე არ მიიღო. მედიით გავრცელებული ცნობებით ირკვევა, რომ ორგანიზატორებს ვერ დაუსახელეს კონკრეტული და საფუძვლიანი მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლიათ ადგილზე სცენის გამართვა.
მიგვაჩნია, რომ ადგილზე მობილიზებული პოლიცია უკანონოდ ზღუდავს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა კანონის დაცვით კანცელარიას შეტყობინება 5 დღით ადრე გაუგზავნეს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს მანიფესტანტთა უფლებების დაცვა’, -წერია განცხადებაში.