ახალი ამბები

შოთაძეს სესიაზე კენჭს განხილვის გარეშე უყრიან

18 თებერვალი, 2020 • 818
შოთაძეს სესიაზე კენჭს განხილვის გარეშე უყრიან

პარლამენტი მთავარი პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევის საკითხს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ამ გადაწყვეტილების საფუძველი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართვა გახდა. ოხანაშვილის თქმით, გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შოთაძეს 7 საათის განმავლობაში უსმენდნენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა ამ უკანასკნელისთვის კითხვის დასმის საშუალება.

“იურიდიულმა კომიტეტმა მაღალი დემოკრატიული სტანდარტით განხილვის პროცესი დაამკვირდა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ვინაიდან კომიტეტში საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა და დეტალური განხილვა იყო, მიზანშეწონილია, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას პირდაპირ, კენჭისყრის გარეშე უყარონ კენჭი. მან ახსენა პროვოკაციების საფრთხეც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან.

დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრას არ დაესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. დღეს ბიუროს სხდომაზე იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე. ისინი მხარს არ უჭერენ შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის პოსტზე. გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო კომისიის შექმნაც მოითხოვა, რომელმაც უნდა შეისწავლოს, რა როლი ჰქონდა შოთაძეს მამუკა ხაზარაძის მიერ გაცხადებულ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილის სახლში, რომელშიც ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც მონაწილეობდა.

გოგიჩაიშვილი ასევე საუბრობს პროფესიულ ეთიკურ პრობლემების შესახებ შოთაძესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ უკანასკნელმა პროკურატურიდან წასვლის შემდეგ მუშაობა დაიწყო კომპანიაში, რომლის თაობაზეც მანამდე მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა და მისი მთავარი პროკურორობის დროს შეწყდა. თავად შოთაძე აცხადებს, რომ გამოძიების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება პირდად არ მიუღია და კერძო სექტორში მუშაობის უფლება ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი