“მოძრავი აქცია იყო. გადავადგილდებოდით. ტაბიძის ქუჩაზე შევედით, რომ თავისუფლების მოედანზე გადავსულიყავით, თუმცა პოლიციამ გზა გადაგვიკეტა და არ შეგვიშვა. ქუჩა ძალის გამოყენებით დაგვატოვებინეს”, – განუცხადა რატი ავალიანმა ნეტგაზეთს.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა კანცელარიისკენ გადაინაცვლეს, სადაც, როგორც ავალიანი ამბობს, პოლიციის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
“პოლიცია ჩვენთან პოლემიკაში შემოვიდა”, – ამბობს აქციის მონაწილე.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სამართალდამცავებს აქციის ჩატარება არ შეუფერხებიათ – “პოლიციამ მათ თავისუფლების მოედანზე, ოლიმპიადასთან დაკავშირებით ღონისძიების ჩატარების ადგილზე მისვლის საშუალება არ მისცა”.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 17 ივნისს ქუთაისში, ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძეს რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა.
შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მკვლელობაა, ლევან აბზიანიძე მოკლეს. ის მოკლეს პოლიციის კონკრეტულმა თანამშრომლებმა. მაგრამ პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს – არსებული ნარკოპოლიტიკა შობს მკვლელებს და მოკლულებს, ჯალათს და მსხვერპლს. არსებული ნარკოპოლიტიკა წლების მანძილზე იქცა მოქალაქეების დამცირების, ჩაგვრის, მათგან და მათი ოჯახებისგან ფულის გამოძალვის მექანიზმად. ეს პოლიტიკა მოქალაქეებს იმეტებს მრავალწლიანი იზოლაციისთვის, მარგინალიზაციისთვის, სიკვდილისთვის.
პოლიცია სამართალშემნარჩუნებელი ორგანოა, თუმცა უხილავად – სამართალდამდგენი. სამართლის ამგვარი დადგენა უმეტესად ადამიანებზე ძალადობით მოქმედებს. არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფო აპარატი დგას არა მოქალაქის/მოქალაეების , არამედ ძალადობრივი სისტემისა და მასში მოქმედი მოძალადეების მხარეს.სახელმწიფო მოქალაქეებს განიხილავს როგორც გაყინულ სტატისტიკურ მასას, რომელზე ძალადობითაც უზარმაზარ ეკონომიკურ მოგებას ნახულობს. არსებობს საფრთხე, რომ ერთეული გადაცდენები კვლავ იმგვარ სისტემურ სახეს მიიღებს, რასაც წინა წლებში ვხვდებოდით. მომხდარი ტრაგედია საზოგადოების ნაწილმა მიივიწყა. ამ მივიწყებას სოციალური ფესვები აქვს, რომელსაც დომინანტური პოლიტიკა და ელიტები აწაროებენ. საჭიროა ხანგრძლივი სოლიდარობის აქტი, რომელიც, ერთი მხრივ, ერთეული ადამიანის, მისი ოჯახის ტრაგედიას გაიზიარებს, მეორე მხრივ კი, ტრაგედიას ზოგადი, სისტემური პრობლემის კუთხით დაინახავს. ვუერთდებით ოჯახის მოთხოვნას, დაისაჯონ დამნაშავე პირები და ამასთან, გადაიხედოს ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა”, – წერენ აქციის მონაწილეები ფეისბუქის ჯგუფში “ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ”.
ცხელ-ცხელი აქცია ლეონიძეზე
Posted by მარიამ ორიონ მუთიძე on Friday, 17 July 2015