ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა

30 ოქტომბერი, 2019 • 1755
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა

აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი I მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარებას.

ეს გადაწყვეტილება წარმომადგენელთა პალატამ 405 ხმით მიიღო 11-ის წინააღმდეგ. მსგავსი რეზოლუციები აშშ-ში წლების განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა აშშ-ს ამ დონეზე არასოდეს უღიარებია სომეხთა გენოციდი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეს ნაბიჯი გადადგა აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობებში დაძაბულობის დროს. დაძაბულობა ქურთების საკითხმა გამოიწვია ჩრდილოეთ სირიაში. თურქეთი ოტომანთა იმპერიის სამართალმემკვიდრეა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩევისოღლუმ კონგრესის ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „შურისძიება ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა ტვიტერზე დაწერა: „მთელი გულით ვულოცავ ჩემს სომეხ თანამემამულეებს მსოფლიოს გარშემო და მადლიერი ვარ ამერიკელი სომხებისა, რომელთა თავდაუზოგავი აქტივიზმი და სიმტკიცე იყო დღევანდელი ისტორიული ნაბიჯის უკან მდგარი მამოძრავებელი ძალა და ინსპირაცია“.

ოტომანთა იმპერიის ორგანიზებული მასობრივი გადასახლებისას აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიის უდაბნოსა და სხვა ტერიტორიებზე ასობით ათასობით სომეხი დაიღუპა. მათი ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი შიმშილისა და ავადმყოფობებისგან დაიღუპა.

უამრავი ისტორიკოსი, სახელმწიფო და სომეხი ხალხი ამ პროცესს გენოციდს უწოდებს. თურქეთი არ უარყოფს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, თუმცა ეწინააღმდეგება ტერმინ გენოციდის გამოყენებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები არ ყოფილა „სომეხი ხალხის განადგურების სისტემური მცდელობა“.

სომხეთის თანახმად, ამ პერიოდს 1.5 მილიონი სომეხი ემსხვერპლა, თურქეთიკი  300 000 ადამიანის დაღუპვაზე საუბრობს. გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის (IAGS) თანახმად, დაღუპულთა რიცხვი მილიონზე მეტია. სომხები გენოციდს საკუთარი ტერმინითაც მოიხსენიებენ: „მეც იეღერნ“, რაც „დიდ დანაშაულს“ ნიშნავს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა: „გენოციდის აღიარებით ჩვენ პატივს მივაგებთ მის მსხვერპლთა ხსოვნას და ვფიცავთ: აღარასოდეს“!

სომეხთა გენოციდი არც საქართველოს აქვს ოფიციალურად აღიარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი