ახალი ამბები

სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

3 თებერვალი, 2020 •
სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

უკანასკნელ პერიოდში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყო. ორივე ქვეყნის სამხედროები სირიაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ – რუსეთი მხარს ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების მხარესაა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში განთავსებულ თურქულ ჯარზე იერიში მიიტანეს. საპასუხო ოპერაციისას თურქეთმა რუსეთს მოუწოდა, ნუ გადაეღობება გზაზე, სირიის სამთავრობო ძალებს პასუხი რომ გასცეს.

რას ნიშნავს მომხდარი და  რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე სირიაში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა? ნეტგაზეთი ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარ ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

მიმდინარე მოვლენებს საქართველოზეც აქვს გავლენა – ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევრის, ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, სირიაში ბოლო დღეებში მომხდარი ინციდენტი რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუარესების ნიშანია. მისი თქმით, რუსეთმა დაარღვია ყველა არსებული ხელშეკრულება და შეთანხმება.

ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად თურქეთისკენ დაიძრა ლტოლვილების ახალი ტალღა, რომელიც შეიძლება მილიონ ადამიანამდე გაიზარდოს, რის შესაჩერებლადაც თურქეთმა ახალი სამხედრო ძალები გამოყო.

როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თურქ სამხედროებს სირიის სამთავრობო ძალებმა შეუტიეს, ცნობილია, რომ მათ უკან რუსეთის ფედერაცია დგას, რის შესახებაც იციან თურქეთში.

ბატიაშვილის თქმით, უკრაინაში ვიზიტით ჩასული რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიევს სამხედრო დახმარებაც შესთავაზა, „გასაგებია, ვის წინააღმდეგ“.

ზურაბ ბატიაშვილი. ფოტო: ბატიაშვილის ფეისბუქ გვერდიდან

კითხვაზე, თუ რა შედეგების წინაშე შეიძლება დადგეს ბაშარ ასადი, ბატიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უპასუხა, რომ „ასადი დიდი ხანია დამოუკიდებელი მოქმედი პირი აღარ არის და რუსეთის მარიონეტია“. მისი თქმით, ასადი ნაკლებადაა ჩართული სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში და წარმოადგენს, როგორც რუსეთს სჩვევია, პირს, რომლის მეშვეობითაც მოსკოვი პასუხისმგებლობას აირიდებს.

ბატიაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ თურქეთსა და  რუსეთს შორის ურთიერთობების ახალ ფაზას უკვე ჰქონდა გავლენა საქართველოზე:

„გავლენა უკვე აქვს იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება რამდენიმე თვის წინ. მაშინ უკვე იგრძნობოდა ურთიერთობების დაძაბულობის ტენდენცია, მაშინ განაცხადეს, რომ სურდათ, საქართველო მიეღოთ NATO-ში.”

ბატიაშვილის თქმით, თურქეთი ახალი მოკავშირეების გამოძებნის მიზნით გააქტიურდება საერთაშორისო არენაზე. ის ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთი გააქტიურდება შავი ზღვის რეგიონში. ვინაიდან თურქეთი არის საქართველოს ყველაზე ახლო NATO-ს წევრი მეზობელი, ბატიაშვილი  მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენებს გავლენა ექნება საერთაშორისო არენაზე ძალების გადანაწილებაზე და საქართველოს დასავლეთთან დაახლოებაზე.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ბოლო წლებში

რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 2015 წელს, ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში თურქეთმა რუსული თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდო. ეკიპაჟის მეთაური კატაპულტირების შემდეგ ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა. თვითმფრინავის ჩამოგდებას მოსკოვის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა: რუსეთმა თურქეთს სანქციები დაუწესა.

2016 წლის ზაფხულში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო: მოსკოვმა სანქციები მოხსნა, ხოლო მხარეებმა საერთო სამხედრო ოპერაციების ჩატარება დაიწყეს. თანამშრომლობა დაიწყო ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში: ცოტა ხნის წინ, პუტინმა და ერდოღანმა გაზსადენი „თურქეთის ნაკადიც“ გახსნეს. თურქეთმა რუსული იარაღის ყიდვაც დაიწყო.

ბოლო დროს ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა: საბაბი ამჯერადაც სირია გახდა.

რა უძღოდა წინ თავდასხმას?

2011 წელს, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდანვე მალე, იდლიბის პროვინცია და იქ მდებარე სტრატეგიული ობიექტები ბაშარ ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა და მას შემდეგ მასზე კონტროლის მოსაპოვებლად სამთავრო და ოპოზიციური ძალები მუდმივად იბრძვიან.

თურქეთმა და ასადის რეჟიმის მოკავშირე რუსეთმა 2017 წელს დადეს შეთანხმება, რომელიც 1 წელიწადში უნდა ამოქმედებულიყო, მისი მიზანი კი იდლიბში სიტუაციის დეესკალაცია იყო. თუმცა შეთანხმება 2018 წლიდან არაერთხელ დაირღვა.

რატომ და როგორ მოხდა თავდასხმა

იდლიბის პროვინციას ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ძალები აკონტროლებენ, რომლებსაც, თავის მხრივ, თურქეთი უჭერს მხარს, ასადის რეჟიმს კი – რუსეთი. ბოლო პერიოდში სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის დახმარებით არაერთი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, მათ შორის, იდლიბის პროვინციაზე.

თურქული მხარის თქმით, მათი ძალები რეგიონში კონფლიქტების პრევენციისთვისაა. სირიის სამთავრობო ძალების საარტილერიო შეტევის შედეგად 4 თურქი სამხედრო დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.

როგორც ანკარა იუწყება, თავისი ძალების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია რუსეთისა და ასადის ერთგული ძალებისთვის მიწოდებული ჰქონდა, თუმცა თავს მაინც დაესხნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ყველაფერი ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია – უწყების თქმით, თურქული კონტინგენტი ღამით ადგილმდებარეობას იცვლიდა ისე, რომ ამის შესახებ რუსეთი არ გააფრთხილა, ხოლო სირიული სამთავრობო ძალების იერიშის სამიზნე ტერორისტული დაჯგუფები იყო.

თურქეთმა რუსეთი შეთანხმებების დარღვევაშიც დაადანაშაულა:

„სამწუხაროდ, რუსეთი არ იცავს არც ასტანის და არც სოჭის შეთანხმებას. ამ მომენტამდე ვიცდიდით, მაგრამ დღეიდან ვაპირებთ, თავად ვიმოქმედოთ. ეს მუქარაა არაა, ესაა მოლოდინი, რომ რუსეთი [სირიულ] რეჟიმს აუცილებელ გაფრთხილებას მისცემს“, – განაცხადა ერდოღანმა. რუსეთმა ერდოღანის განცხადება უარყო და განაცხადა, რომ შეთანხმებას იცავდა.

თურქეთის პასუხი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საპასუხო იერიშის ფარგლებში შეტევა განხორციელდა 46 სარეჟიმო სირიულ ობიექტზე. მისივე თქმით, „განეიტრალებულია“ 30-35 სირიელი.

„ის, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს განზრახვებს, მალე გაიგებს, რომ შეცდომა დაუშვა“, – განაცხადა ერდოღანმა. მან აგრეთვე გააფრთხილა რუსეთი, არ ჩაერიოს თურქეთის საპასუხო რეაქციაში – „არ დადგეთ ჩვენს გზაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

წინა კვირას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი თავის სამხედროებზე შეტევას სამხედრო მოქმედებებით უპასუხებს.


გარეკანის ფოტო: EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი