ახალი ამბები

ემოციურ ფონზე გააკეთა განცხადება – კობახიძე ევროპარლამენტარზე

17 თებერვალი, 2020 •
ემოციურ ფონზე გააკეთა განცხადება – კობახიძე ევროპარლამენტარზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე „ემოციურ ფონზე გაკეთებულს“ უწოდებს ერთ-ერთი ევროპარლამენტარის კრიტიკულ გამოხმაურებას გიგი უგულავას დაპატიმრებაზე; კობახიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას ადგილი პოლიტიკაში არ არის.

ევროპარლამენტარის წევრმა „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან“, ნაჩო სანჩეს ამორმა 12 თებერვალს ტვიტერზე დაწერა:

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში პოლიტიკური მოვლენების განვითარებით. ქვეყანას პოლიტიკური შურისძიების დიდი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, წარსული მტკივნეულ აწმყოდ იქცევა. ნებისმიერი პოლიტიკური პირი, და უგულავა საკვანძოა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხის გისოსებში“.

16 თებერვალს ტვ „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებას ასე უპასუხა:

„ერთ-ერთმა პარლამენტარმა გააკეთა ემოციურ ფონზე განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსების ადგილი უნდა იყოს მოლაპარაკებები მაგიდასთან და არა ციხეში…. 48 მილიონიც რომ მოიპაროს რომელიმე ჩვენგანმა, გადასახადის გადამხდელთა ფული, ჩვენი ადგილი ნამდვილად არ უნდა იყოს მომავალში მოლაპარაკებების მაგიდასთან და პოლიტიკაში“.

„უგულავას ადგილი სად არის, ეს მე არ ვიცი, — ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია და სასამართლომ გადაწყვიტა, — მაგრამ პოლიტიკაში მისი, 48 მილიონის მომპარავის, ადგილი რომ არ უნდა იყოს, ეს, მგონი, თითოეული მოქალაქისთვის უნდა იყოს დღესავით ნათელი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე.

უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით შეშფოთება, სხვა აქტორებთან ერთად, გამოთქვეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, შვედეთის, ესტონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა საქართველოში.

EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი