ახალი ამბები

რესტორანი “ბუდაპეშტი” სასტუმროს ნაცვლად – ინვესტორის შეთავაზება მერიას

17 თებერვალი, 2020 • 3006
რესტორანი “ბუდაპეშტი” სასტუმროს ნაცვლად – ინვესტორის შეთავაზება მერიას

ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” ნაცვლად რესტორან “ბუდაპეშტის” მშენებლობას სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო “ბუდაპეშტის” წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა, მიუხედავად სასტუმროს მშენებლობის თაობაზე სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა, ვინაიდან მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს, ინვესტორი მზადაა, აღადგინოს 1958 წელს აშენებული რესტორანი “ბუდაპეშტი”ისტორიულად არსებული მოცულობის და ფასადის შესაბამისად.

ზაქაიძის თქმით, რესტორან “ბუდაპეშტის” მშენებლობისას არ დაზიანდება არცერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია,  განხორციელდება მასშტაბური ინვესტიცია და არსებული მდგომარეობის ნაცვლად ტერიტორიას დაუბრუნდება მისი პირვანდელი სახე;  ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა ველოპარკი, სადაც პარკის დამსვენებლები სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას.

სასტუმრო “ბუდაპეშტის” წამომადგენლის განცხადებით, ინვესტორის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას მისცემს, ბიუჯეტიდან 6 მილიონი დოლარის საკომპენსაციო თანხა დაზოგოს, ასევე, არ შეილახება მესაკუთრის სამართლებრივი უფლებები.

“ჩვენ მზად ვართ დავთანხმდეთ მერიის მხრიდან შემოთავაზებულ თავდაპირველ წინადადებას და  დავუბრუნოთ რესტორანს მისი პირვანდელი სახე, ისტორიულად არსებული სიმაღლისა და ფასადის შესაბამისად. ვფიქრობთ, ეს არის საუკეთესო ვარიანტი იმისათვის, რომ დღეს არსებული სამშენებლო თხრილის ნაცვლად პარკს და ამ ადგილს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე”, – განაცხადა ზაქაიძემ.


ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 16 იანვარს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის (მერი – გიგი უგულავა) განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, თბილისის უკვე ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. თუმცა მერიაში ჯერჯერობით არ იციან, როგორ უნდა შეაჩერონ მშენებლობა.

მერიის ინფორმაციით, მართალია, კომპანიის მშენებლობის ნებართვის ვადა გავიდა, მაგრამ სპეცნებართვა (ზონალური შეთანხმება), რომელიც 2013 წელს გაიცა და რომლის საფუძველზეც შემდგომ მიიღო კომპანიამ მშენებლობის ნებართვა – უვადოა.  თავად მშენებარე კომპანია შპს “ტიფლის კოსტავას” დირექტორი, გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ მერიას კომპანიისთვის უარის თქმის სამართლებრივი უფლება არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი