ახალი ამბები

მარნეულში გატაცებული გოგო მშობლებთან დააბრუნეს, დაკავებულია 1 პირი

15 თებერვალი, 2020 •
მარნეულში გატაცებული გოგო მშობლებთან დააბრუნეს, დაკავებულია 1 პირი

მარნეულში გუშინ, 14 თებერვალს გატაცებულ არასრულწლოვან გოგოს პოლიციამ მიაგნო და მშობლებთან დააბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც გოგო გაიტაცა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასრულწლოვანის გატაცებას გამოეხმურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, რომელიც მარნეულში ჩავიდა და მის ოჯახს შეხვდა. ლომჯარიას თქმით არასრულწლოვანი გოგოს გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა:

“გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი