ახალი ამბები

არჩევნებში კანდიდატობაზე უარი თქვა “ევროპული საქართველოს” წევრმა, რომელიც გუშინ შვილის გატაცების შესახებ საუბრობდა

27 აგვისტო, 2021 • 1647
არჩევნებში კანდიდატობაზე უარი თქვა “ევროპული საქართველოს” წევრმა, რომელიც გუშინ შვილის გატაცების შესახებ საუბრობდა

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ თელავში მათი პარტიის წევრმა, რომელიც გუშინ, 26 აგვისტოს აცხადებდა, რომ მისი შვილი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, არჩევნებში პარტიის პროპორციული სიით მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ლაშა დამენიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გუშინ, 26 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ ნასამხარალის საკრებულოს წევრმა “ევროპული საქართველოდან”, ნინო გალახვარიძემ განაცხადა, რომ მას შვილი დაუკავშირდა ტელეფონით და უთხრა, რომ იტაცებდნენ, შემდეგ კი შვილთან დაკავშირებას გარკვეული პერიოდი ვერ ახერხებდა. მოგვიანებით, გალახვარიძის 19 წლის შვილი, ზაქრო კუსრაშვილი ოჯახს დაუბრუნდა და ორივე მათგანი თელავის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ კუსრაშვილმა განაცხადა, რომ გაუგებრობა მოხდა, იგივე თქვა დედამაც.

თუმცა, ლაშა დამენიას განცხადებით, “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ გალახვარიძესა და მის შვილზე ზეწოლა მოახდინეს და სწორედ ამიტომ უარყო მომხდარი ორივე მათგანმა, მოგვიანებით კი პარტიის სიაში ყოფნაზეც უარი განაცხადა:

“პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, რაც განაცხადეს დაზარალებულებმა, ეს იყო იმის ზუსტი მაჩვენებელი, როგორი კრიმინალური მდგომარეობაა დღეს საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ დღისით, მზისით შეიძლება ადამიანის გატაცება და ეს კიდევ ერთხელ აჩევენებს, რა ვითარებაა. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, სადაც პოლიცია და კრიმინალური სამყარო ერთმანეთს არის შეზრდილი, პოლიციამ მოაგვარა ის, რომ ფაქტობრივად დაემალა კრიმინალური ვითარება თელავში და უკვე [პოლიციიდან] გამოსულზე მათ [ნინო გალახვარიძემ და მისმა შვილმა] უარყვეს გატაცების ფაქტი და გარკვეულწილად გაუგებრობა უწოდეს. აქედან გამომდინარე, კანდიდატმა, რომელიც ევროპული საქართველოს პროპორციული სიით უნდა გასულიყო, დღეს უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე”, – განაცხადა დამენიამ.

დამენიას თქმით, გალახვარიძის უარი იმას ადასტურებს, რომ გალახვარიძემ და მისმა შვილმა კრიმინალური გარჩევებიდან გამომდინარე ვერ თქვეს სიმართლე.

გუშინ, 26 აგვისტოს კუსრაშვილის შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამაც. მისი თქმით, ზოგადი ვითარების და ოჯახის ინფორმაციის გათვალისწინებით პარტიას ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კუსრაშვილის შესაძლო გატაცება დაკავშირებული ყოფილიყო “იმ პირებთან, რომლებიც ადგილზე ახლო ურთიერთობაში არიან “ქართული ოცნების” საარჩევნო მანქანასთან და “ქართული ოცნების” ადგილობრივ ხელისუფლებასთან”.

რაც შეეხება დედის განცხადებას, ნინო გალახვარიძე გუშინ ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ რამდენიმე დღით ადრე მის შვილს სწორედ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა მოაკითხეს სახლში და სალაპარაკოდ დიდი ხნის განმავლობაში გაიყვანეს, რის შემდეგაც სახლში დაბრუნებული კუსრაშვილი “არ იყო კარგად”.

“დამირეკა და მითხრა, “დედა, გამიტაცებენ” და გაითიშა ტელეფონი. მის მერე ვერ დავკარშირებივარ. სანამ ეს მოხდებოდა, 19 რიცხვში [აგვისტოს] მოვიდნენ თეთრი მანქანით, დათო კუპრაშვილი, აქ ცხოვრობს, ამ სოფელში, და სხვა დანარჩენებიც, ზოგადად რომ ვთქვა, “ოცნების” წარმომადგენლები და ალბათ ამაზე იყო ზეწოლა. თუ რა მოხდა მაგათში, არ ვიცი. გაიყვანეს, დიდხანს ელაპარაკნენ, მერე ისევ შემოვიდა, არაფერი უთქვამს. საღამოს წაიყვანეს, ძალიან დიდხანს დაიგვიანა ბავშვმა და რომ მოვიდა, არც ჭამა, არც დალია, არ იყო კარგად”, – ამბობდა გალახვარიძე ჟრუნალისტებთან მაშინ, როდესაც შვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

კუსრაშვილის შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პლატონ კალმახელიძემაც. ის “ევროპული საქართველოს” განცხადებას “აბსურდულ ბრალდებას” უწოდებდა და ამომბდა, რომ კუსრაშვილის გაუჩინარებასთან მათი პარტიის არცერთი წევრი და აქტივისტი კავშირში არ იყო.

“რაც მოვისმინე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, აღნიშნული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და აბსურდული. ჩვენი პარტიის არანაირი წევრი და აქტივისტი აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არის. მე იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ სამართლებრივ ჭრილში, თუ რა დანაშაული მოხდა, ხოლო რაც შეეხება იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ასეთ განცხადებას აკეთებენ, სწორედ ის პარტია იყო ძალადობრივი, მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლები, რომელთა სახელმწიფოებრივი მოწყობის პარტიული წესი იყო სწორედ წამება, ადამიანების დასჯა და ა.შ. და ჩვენ მიმართ ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებს ნუ გააკეთებს აღნიშნული პარტია”, – განაცხადა კალმახელიძემ საზოგადობრივ მაუწყებელთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი