ახალი ამბები

ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა პასუხი, ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა – გახარია

14 თებერვალი, 2020 •
ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა პასუხი, ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს მთავრობის კრიტიკას ეხმაურება. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, ყველა “უსაფუძვლო კრიტიკას” პასუხი გაეცემა და ამ მიმართულებით მთავრობა იმუშავებს. ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან მომდინარე კრიტიკას გახარია ოპოზიციასაც უკავშირებს და ამას  “საგარეო კომპონენტის” შიდა პოლიტიკაში ჩართვად აფასებს:

„ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ ნორმალურად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს უფლება, ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. ამასთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ – თუნდაც ქვეყნის საგარეო მიმართულების კომპონენტის ჩართვას შიდა პოლიტიკურ პროცესებში, სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესებში. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. სამწუხაროდ, ეს არის რაღაც გამწვავებულ ფაზაში, თუმცა, ვიმეორებ, ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა ჩვენ ყოველდღე ვიშრომებთ ამისთვის.”

უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე.

უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით შეშფოთება, სხვა აქტორებთან ერთად, გამოთქვეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, შვედეთის, ესტონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა საქართველოში. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან (მათ შორის ეკონომიკის კუთხით) დაკავშირებით კრიტიკული პოზიციები დაფიქსირებული აქვთ კონგრესმენებსა და რამდენიმე სენატორსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი