ახალი ამბები

შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ძიება დაიწყო

16 ივლისი, 2015 • 1251
შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ძიება დაიწყო

 

ერთ-ერთი ბრალდებული სახლში აღმოჩენილი აპარატურა. კადრი შს სამინისტრო სმიერ გავრცელებული ვიდეოდან.

გამოძიების ვერსიით, შ.ბ-მ და გ. ბ-მ კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. სიმ ბოქსი შეიძინეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები ათავსებდნენ   „ჯეოსელის“,  „მაგთიკომის“ და   „ბილაინის“ სიმ-ბარათებს.

 

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიმ-ბარათების მეშვეობით ინტერნეტ ტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. სიმ ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც სიმ ბოქსში იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის წამომწყების ნომერს. შეცვლილი კომპიუტერული მონაცემების შედეგად, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად იღებდნენ გაცილებით ნაკლებს – ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხებს. ბრალდებულებმა ჩადენილი ქმედებით შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ბილაინს“, ჯამში, 95 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს.

 

სამართალდამცველებმა ბათუმში, შ. ბ-ს საცხოვრებელ ბინაში  ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ ბოქსი,  „ჯეოსელის“,   „მობიტელისა“ და  „მაგთიკომის“ 5000 ცალი სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები.

პოლიციამ თბილისში, გ. ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ე.წ. სიმ ბოქსი და სიმ-ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

“ბათუმელების” ინფორმაციით, ბრალდებულებს აღკვეთო ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით 2 კვირის წინ შეუფარდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი