ახალი ამბები

ივანიშვილი აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას – ევროპარლამენტარი

13 თებერვალი, 2020 • 3429
ივანიშვილი აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი “ევროპის სახალხო პარტიიდან” რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, გააანალიზოს ეს სიტუაცია.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი განცხადების ჩაგდებას.

“განცხადების სამუშაო ვერსია ძალიან სუსტი იყო. არ ასახავდა საქართველოში ამჟამად არსებულ სიტუაციას. ევროპარლამენტის ბევრ დეპუტატს ესმოდა ეს და ჩვენ ჩვენი შესწორებები წარმოვადგინეთ. გვინდოდა ტექსტი უფრო დაბალანსებული ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ყველა შესწორება დაბლოკა. მე ძალიან გულნატკენი ვარ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამდენი დისკუსიის შემდეგ – ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსიების შემდეგ – მე ვხედავ, რომ მათ ვერ გაიგეს სიტუაცია და ის, თუ როგორი აღქმაა ევროკავშირსა და ევროპარლამენტში. თქვენ ნახეთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი საბოლოო  განცხადების წინააღმდეგი იყო. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, რომ გააცნობიეროს ეს სიტუაცია და შეცვალონ თავიანთი მიდგომა”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ევროპარლამენტარის თქმით, “ქართული დელეგაციის” წევრები ევროპული კურსის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ გზას აზიანებს.

“ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა – ის არის ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას, მაგრამ „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები, რომლებიც დღეს მაგიდასთან ისხდნენ, არ არიან ევროპული კურსის წინააღმდეგ, ამიტომ მათ უნდა გაიაზრონ ყველაფერი და გამართონ დისკუსია პარტიაში შიგნით”, – დასძინა დეპუტატმა.


12-13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან – დავით სონღულაშვილი, ევროპარლამენტიდან კი მარინა კალიურანდი ხელმძღვანელობდნენ. სხდომაზე  უნდა მიეღოთ ერთობლივი განცხადება, თუმცა მხარეები დოკუმენტის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. “ქართული ოცნება” მხარს უჭერდა თავდაპირველად ინიცირებულ სამუშაო პროექტს, თუმცა ევროპარლამენტის წევრებმა და ოპოზიციამ დოკუმენტში 40-მდე შესწორება წარმოადგინეს. “ქართულმა ოცნებამ” კრიტიკულ შესწორებებს მხარი არ დაუჭირა, დოკუმენტის თავდაპირველმა ვარიანტმა კი საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი