“ახლა, როდესაც ვიტყვი, რომ განსაკუთრებული და უპრეცედენტო დღეს არაფერი ხდება, მე არ მინდა ამით შევამსუბუქო ის ვითარება, რაც არის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ პარლამენტის სხდომაზე დღეს, 15 ივლისს.
მისი თქმით, საქართველო ამ მდგომარეობაში უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობს.
“მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური ეს პრობლემები 2008 წლის შემდეგ გახდა. მაგალითად, 2010 წლის 5 მარტს სამეგრელო-აფხაზეთის საზღვრის გამაგრება დაიწყეს. ასევე 2010 წლის 16 ივლისს იგივე მდგომარეობაა სოფელ ახმადში. ეს ვრცელი ქრონოლოგიაა, საკითხი რთულია, მაგრამ არ მინდა ისე ჩანდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გართულდა და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ხდება უპრეცედენტო ჩემოტევა რუსეთის მხრიდან. ყველა ხელისუფლება ცდილობს, მეტ-ნაკლებად გაუმკლავდეს იმ პრობლემას, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობა. არაერთი განცხადება და რეზოლუცია გაგვიკეთებია ამ ქვეყანაში, წინამორბედ პარლამენტსაც, იმის წინამორბედსაც, მაგრამ ამას ისეთი ეფექტი არ მოჰყოლია”.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახლა მნიშნველოვანია, რომ საკითხს “ძალიან სერიოზულად და ფრთხილად მოვეკიდოთ”.
“მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების სიფრთხილე და წინდახედულობა არ უნდა ფასდებოდეს, როგორც სისუსტე. არ შეიძლება ამას ოპოზიცია სისუსტედ და საკითხების მიჩქმალვად აფასებდეს იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც აღმოვჩნდით 2008 წელს”, – აცხადებს კორძაია.
