ახალი ამბები

ივანიშვილზე კრტიკული კლიპის გაშვებისთვის მარეგულირებელმა “მთავარი არხი” დააჯარიმა

13 თებერვალი, 2020 •
ივანიშვილზე კრტიკული კლიპის გაშვებისთვის მარეგულირებელმა “მთავარი არხი” დააჯარიმა

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNCC) ინფორმაციით, “არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო” “მთავარი არხი” 2 500 ლარით დააჯარიმეს.

“მთავარი არხის” იურისტმა თამთა მურადაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ტელეარხი ამ ჯარიმას რამდენიმე დღეში გაასაჩივრებს და სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თანხას არ გადაიხდის.

საუბარია არხის ეთერში გასულ კლიპზე, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად არის შეფასებული.

მარეგულირებელი ივანიშვილზე მომზადებულ კრიტიკულ კლიპებს პოლიტიკურ რეკლამას უწოდებს და აცხადებს, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებს პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ აქვთ.

“კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრა. საქათველოს კანონმდებლობის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო მაუწყებელი 2500 ლარით დაჯარიმდა. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც „მთავარი არხის“ მხრიდან დარღვეულია”, – აცხადებენ GNCC-ში. ეთერში გასულ ვიდეოზე GNCC-მ მაუწყებელი წერილობით 30 დეკემბერს გააფრთხილა და კლიპის ეთერიდან მოხსნა მოსთხოვა.

“6 თებერვალს გამართულ სხომაზე „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდან აღნიშნული რეკლამები უკვე ამოღებულია. კომისიის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებელის საეთერო ბადიდან არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ – 5 თებერვალს იქნა ამოღებული”, – ნათქვამია მარეგულირებლის 13 თებერვლის განცხადებაში.

როგორც GNCC  აღნიშნავს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0.5%-მდე ოდენობით, რაც „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაქსიმალურ 6.479 ლარს შეადგენს.

“იმის გათვალისწინებით, რომ „მთავარი არხის“ ბადიდან აღნიშნული ვიდეორგოლები უკვე ამოღებულია, კომისიამ დისკრეციული უფლებამოსულება გამოიყენა და მაუწყებელს განმეორებით ჩადენილი კანონდარღვევის გამო კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 2500 ლარის ჯარიმა დააკისრა”, – წერია GNCC-ის განცხადებაში.

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი მარეგულირებლის წერილობით გაფრთხილებას ცენზურად აფასებდა და ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური რეკლამა არ არის და კანონი მსგავსი კლიპის გაშვებას არ კრძალავს:

“ეს არხის სარედაქციო პოლიტიკით შექმნილი კლიპები იყო და არა პოლიტიკური რეკლამა. მუხლების მითითება საერთოდ ვერ შეძლეს, რადგან კანონი მსგავსი კლიპების გაშვებას არ კრძალავს, შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილებაა. ცხადია, ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ, თუმცა სასამართლოც ამ ხელისუფლების არის და მათი იმედი არ გვაქვს.”

მთავარ ფოტოზე: კადრი ბიძინა ივანიშვილის შესახებ მომზადებული კლიპიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი