ახალი ამბები

GNCC-მ “მთავარი არხი” გააფრთხილა და ივანიშვილზე გაშვებული კლიპის ეთერიდან მოხსნა მოსთხოვა

30 დეკემბერი, 2019 • 2094
GNCC-მ “მთავარი არხი” გააფრთხილა და ივანიშვილზე გაშვებული კლიპის ეთერიდან მოხსნა მოსთხოვა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) „მთავარი არხი“ წერილობით გააფრთხილა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ მომზადებული უარყოფითი შინაარსის კლიპის ეთერიდან მოხსნა მოსთხოვა.

GNCC მიიჩნევს, რომ კლიპი, სადაც ბიძინა ივანიშვილი გაკრიტიკებულია, რეალურად, პოლიტიკური რეკლამაა, რისი ეთერში გაშვების უფლებაც ტელეარხს არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაშვების უფლება არ აქვს. აღნიშნულს არ ეთანხმება “მთავარი არხი”.

აქედან გამომდინარე, კომისიაში მიიჩნევენ, რომ მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც „მთავარი არხის“ მხრიდან დარღვეულია.

“კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, როგორც მაუწყებლების, ასევე რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან, დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაუწყებლებმა სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გარდა ამისა, 2019 წელს არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაშვების მიზნით, “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა”, – წერია GNCC-ის განცხადებაში.

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს. მურადაშვილი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური რეკლამა არ არის და კანონი მსგავსი კლიპის გაშვებას არ კრძალავს.  მისივე ინფორმაციით, მაუწყებელი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ცხადია, ეს პირდაპირი ცენზურაა. გასცდა კომისია საკუთარ უფლებამოსილებას, მათ არ აქვთ აზრის გამოხატვისა და, მით უმეტეს, პოლიტიკური აზრის გამოხატვის შეზღუდვის უფლება. ეს არხის სარედაქციო პოლიტიკით შექმნილი კლიპები იყო და არა პოლიტიკური რეკლამა. მუხლების მითითება საერთოდ ვერ შეძლეს, რადგან კანონი მსგავსი კლიპების გაშვებას არ კრძალავს, შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილებაა. ცხადია, ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ, თუმცა სასამართლოც ამ ხელისუფლების არის და მათი იმედი არ გვაქვს”, – ამბობს მურადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი