ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არჩევნები აზერბაიჯანში – რეფორმების დასაწყისი?

13 თებერვალი, 2020 • 2500
არჩევნები აზერბაიჯანში – რეფორმების დასაწყისი?

ავტორი: გუნელ მევლუდი


რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე აზერბაიჯანში, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს. საპროტესტო აქცია, შედეგების უკანონოდ აღიარების მოთხოვნით, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და დემონსტრანტების ნაწილი დააკავა. 

დამარცხებული კანდიდატები და მათი მხარდამჭერები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “თუ არსებობენ ისეთები, ვინც არ ეთანხმება შედეგებს, გამოვიდნენ და თქვან”.

აქციაზე რამდენიმე ჟურნალისტსა და აქტივისტს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა [ერთ-ერთ დამარცხებულ კანდიდატს, რაბიე მამედოვას ხელი მოსტეხეს], დემონსტრანტების ნაწილი კი დააკავა. მათი უმრავლესობა ქალია. ამჟამად ყველა დაკავებული გათავისუფლებულია. 

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, “ენი აზერბაიჯანის” დეპუტატებმა მილი მეჯლისში ნახევარზე მეტი [125-დან 70] ადგილი დაიკავეს, დანარჩენი ადგილები კი – ე.წ. ნეიტრალური და უპარტიო დეპუტატებმა, რომლებიც აზერბაიჯანში ხელისუფლების ე.წ. სატელიტებად არიან ცნობილი. 

ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა, “სახალხო ფრონტის პარტიამ” და “მუსავათმა”,  რომლის არცერთი წევრი არ მოხვედრილა პარლამენტში, ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს.

ერთადერთი გამარჯვებული ოპოზიციური კანდიდატი ერკინ ღადირლი ახალგაზრდა ოპოზიციური პარტია ReAl-ს წარმოადგენს.

რაც შეეხება არამმართველი პარტიიდან არჩეულ დეპუტატებს, ისინი ძირითადად ის დეპუტატები არიან, რომლებიც ოთხი წლის წინაც აირჩიეს პარლამენტში. ეს დეპუტატები, როგორც წესი, პროსახელისუფლებო არიან. მაგალითად, ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი კანდიდატია განირა ფაშაევა, რომელიც  მესამედ არის არჩეული და პროსახელისუფლებო პოზიციებითაა ცნობილი. 

არიან ახალი სახეებიც, მაგალითად, ფილოლოგი ეტიბარ ალიევი, რომელიც პირველად აირჩიეს, თუმცა მისი პოლიტიკური პოზიციები არ არის მკაფიო. ეტიბარ ალიევს აზერბაიჯანში ძირითადად იცნობენ, როგორც ინტელექტუალს. 

კიდევ ერთი ცნობილი კანდიდატი, ასევე, ახალი ფიგურაა პოლიტიკაში – ნიგარ არპადარაი. ის  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა საერთაშორისო თამაშებისა და ფესტივალის ორგანიზატორადაა ცნობილი. სიმპათია ხელისუფლებისადმი არაერთხელ გამოუხატავს. 

კიდევ ერთი ახალარჩეული დეპუტატი რაუფ არიფოღლი არის არაპარტიული. უკვე ოცი წელია გაზეთის, “ენი მუსავათის” მთავარი რედაქტორის პოზიცია უკავია. უწინ ოპოზიციაში იყო, დღეს კი ხელისუფლების მხარდამჭერია. 

“პასიური” არჩევნები 

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები, როგორც წესი, შემოდგომით ტარდება. თუმცა 2019 წელს, ახალ წლამდე, მილი მეჯლისმა ერთხმად მიიღო საკუთარი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. 

ვადამდელი არჩევნები 9 თებერვალს დაინიშნა. ექსპერტებმა ეს ნაბიჯი საკანონმდებლო ხელისუფლებაში რეფორმების დაწყებად შეაფასეს. მოლოდინები ამ არჩევნებისგან საკმაოდ მაღალი იყო. განსაკუთრებულად პოზიტიურად იყვნენ განწყობილი ახალგაზრდა ოპოზიციონერები, ევროპაში განათლებამიღებული სხვადასხვა სფეროს წარმომდგენლები, რომელთა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ასევე, არჩევნებზე ამჯერად განსკუთრებით იგრძნობოდა ქალების აქტიურობა. საბოლოოდ, 9 თებერვლის არჩევნებზე არჩეულ ქალთა რაოდენობა 6-ით მეტია [სულ 25], ვიდრე 2019 წლამდე, როდესაც 19 ქალი იკავებდა მილი მეჯლისში დეპუტატის სავარძელს. 

ისა გამბარი, ნაციონალური სტრატეგიული აზრის ცენტრის ხელმღვანელი, 2020 წლის 9 თებერვლის არჩევნებს “პასიურს” უწოდებს. 

“არჩევნებზე ამომრჩეველთა პასიურობა, ერთი მხრივ, არჩევნებისადმი ინტერესის არარსებობამ გამოიწვია, მეორე მხრივ კი, ცივმა ამინდებმა”, – ამბობს ისა გამბარი. 

ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ირწმუნებიან, რომ 9 თებერვლის არჩევნებზეც მასობრივად იყრებოდა ბიულეტენები, იყო “კარუსელი”, დამკვირვებლებს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ასევე, იყო სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.  

ამას მოწმობს მრავალრიცხოვანი ვიდეომასალაც, რომელსაც პროფესიონალები, სამოქალაქო პირები, აქტივისტები ან დამკვირვებლები იღებდნენ. 

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა ამ ფაქტებს და მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა.

“წარმოგვიდგინონ ფაქტები, ჩვენ განვიხილავთ ამ შემთხვევებს და ზომებს მივიღებთ”, – განაცხადა მაზახირ პანახოვმა, აზერბაიჯანის ცესკოს ხელმძღვანელმა. 

დარღვევები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლებიც მაშინვე შეფასდა, როგორც “პასიური” არჩევნები, აქტივისტები “ფალსიფიკაციების ახალი ფორმების”შესახებ  საუბრობდნენ.

იურისტისა და ახალგაზრდა პოლიტიკოსის, ზაურ გურბანლის თქმით, ამჯერად ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ “კარუსელს”, რომელსაც უკვე “შეეგუა” ოპოზიცია – მოქალაქეებს აიძულებდნენ სახელისუფლებო კანდიდატებისთვის დაეჭირათ მხარი. 

“ეს განსაკუთრებით შეინიშნებოდა პროვინციებში, სადაც მოსახლეობის პოლიტიკური განათლების დონე საკმაოდ დაბალია. ადამიანები მოდიოდნენ და კითხულობდნენ, “რომელ კაბინეტში უნდა მიეცათ ამა და ამ კანდიდატისთვის” ხმა. ამ ადამიანებს კონკრეტულად “უბრძანეს”, მისულიყვნენ და ხმა მიეცათ საჭირო ადამიანისთვის. ამის ორგანიზებას ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს, რომლის გავლენებიც ძალიან დიდია”, – ამბობს გურბანლი. 

ისა გამბარი, სტრატეგიული აზრის ცენტრის ხელმძღვანელი [რომელიც ასევე კენჭს იყრიდა შვილთან, ახალგაზრდული მოძრაობა nida-ს წევრთან, ტურგუთ გამბართან ერთად], ტოტალურ ფალსიფიკაციაზე საუბრობს. 

“ბიულეტენების ჩასაყრელ ყუთებზე ხვრელები ძალიან ფართო იყო და რამდენიმე ბიულეტენის ერთად ჩაყრის საშუალებას იძლეოდა. გარდა ამისა, ბიულეტენებზე სახელისუფლებო კანდიდატის გვარის გვერდით პარტია “ენი აზერბაიჯანის” ლოგოტიპი იყო გამოსახული. სხვა პარტიების კანდიდატების გვარების გასწვრივ ასეთი ლოგოები არ ყოფილა, რაც უკვე ნიშნავს ღია პოლიტიკურ დისკრიმინაციას”.

ილჰამ ალიევი არჩევნებზე: 9/02.2020; ფოტო: trend.az

გამბარი კიდევ ერთ “ტექნოლოგიაზე” საუბრობს:

“საცხოვრებელ-საექსპლუატაციო კანტორები მასობრივად გასცემდნენ სარეგისტრაციო ცნობას პირებზე, რომლებიც სხვა ოლქებში არიან ჩაწერილი”.

გარდა ამისა, ოპოზიციონერები და აქტივისტები ხელოვნულად გაზრდილ აქტივობაზე საუბრობენ.

“რეალური აქტივობა 10-15% იყო და ოფიციალურად სამჯერ და ოთხჯერ იყო გაზრდილი”, – ამბობს გამბარი. 

რეფორმები – მითი? 

პარლამენტის თვითდათხოვნამ, რიგგარეშე არჩევნებმა, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 2019 წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა [ხშირი შეხვედრები მოქალააქეებთან, 200- ზე მეტი პოლიტპატიმრის შეწყალება, მინისტრ-ოლიგარქების გადაყენება და ა.შ] ქვეყანაში მოსახლეობას პოლიტიკური რეფორმების იმედი ჩაუსახა.

პოლიტოლოგები ხელისუფლების ამ ნაბიჯებს ასე აფასებდნენ: ხელისუფლებაში, სადაც წლების განმავლობაში შიდა განხეთილებაა [პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევასა და პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსის, რამიზ მეხტიევის კლანებს შორის, სადაც პირველი ლედის პოზიციები იმარჯვებს], საიდუმლო არავისთვისაა, რომ მეჰრიბან ალიევა ევროპული ღირებულებების მხარდამჭერია და საკუთარ გუნდში ახალგაზრდა ევროცენტრისტებს იწვევს.

სწორედ ასეთები არიან ოპოზიციური მოძრაობა real-ის [ხუმრობით, ახალგაზრდა ინტელექტუალთა კლუბსაც” უწოდებენ] წარმომადგენლები. მათ აზერბაიჯანის პოლიტიკურ ისტორიაში პირველად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. მოძრაობიდან 6 ადამიანი იყრიდა კენჭს დეპუტატად, მათ შორის real-ის თავმჯდომარე ილგარ მამედოვი.

იმ დროს, როდესაც ახლად გამომცხვარი ოპოზიცია საკუთარ წრეებში ახალგაზრდა იურისტებს, ეკონომისტებს და ხელოვანებს იკრებდა, არჩევნებამდე ორი სკანდალური ფაქტი გასაჯაროვდა “ძველ ოპოზიციის” რიგებში.

მსხვილი ოპოზიციური “სახალხო ფრონტის პარტიის” ხელმძღვანელის მოადგილის, ფუად გახრამანლის შვილმა საკუთარი მამა დაადანაშაულა მის, მისი დისა და დედის მიმართ მრავალწლიან ძალადობაში. საქმეში სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელიც ჩაერია და შედეგად, ფუად გახრამანლი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა, თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. იმ ფაქტმა, რომ თავად პარტიის თავმჯდომარემ, ალი ქერიმლიმ ღიად დაუჭირა მხარი მის მოადგილეს, ძლიერად შეარყია პარტიის იმიჯი. 

გარკვეული დროის შემდეგ ადგილობრივ და უცხოურ პრესაში გახმიანდა ახალი, უვკე სხვა ცნობილ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე სკანდალის შესახებ. პარტია “მუსავათის” წევრები, მათ შორის თავმჯდომარე არიფ გაჯილი, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში აზერბაიჯანის მოქალაქეებზე პოლიტიკური დევნილობის სტატუსის გაყალბებულ დოკუმენტებს გასცემდნენ, რითაც ამ ქვეყნებში ლეგალურად დარჩენის უფლებას იღებდნენ. 

გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლების გარკვეული ჩარევით, ძველი ოპოზიციის იმიჯი ახლის სასარგებლოდ ზიანდებოდა, თუმცა, როგორც 2020 წლის 9 თებერვლის არჩევნებმა აჩვენა, არც “ახალს” გამოუვიდა რამე, რადგან მხოლოდ მისი ერთი წევრი იყო არჩეული დეპუტატად. ერკინ ღადირლის გამარჯვების შემდეგ სამოქალაქო სექტორმა და ზოგიერთმა თანაპარტიელმა მოსყიდვაში და უპრინციპობაშიც დაადანაშაულა. 

რეფორმები მაინც იწყება? 

ახალგაზრდა პოლიტიკოსი ზაურ გურბანლი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მაინც იძლებული გახდა, რეფორმები დაეწყო.

“რეფორმებს მაინც იწყებენ. თუ ხელიუსფლებას რაიმეს შეცვლა სურს ქვეყნაში, ისინი პარლამენტში გავლენიან უმცირესობას შემოიყვანენ, რომელთაც უმრავლესობა მოუსმენს. ასე იყო 90- იანებშიც, დამოუკიდებლობის პერიოდში, როდესაც პარლამენტში დემოკრატიული ბლოკი აირჩიეს და მიუხედავად იმისა, რომ 25 ადამიანი იყო, დანარჩენი 300 მათ გადაწყვეტლებებს იზიარებდა. თუ ხელისუფლებას ცვლილებები სურს, ამას ახალარჩეული ახალგაზრდების ხელით გააკეთებენ”.

გურბანლი ასევე პოზიტიურად უყურებს ერკინ ღადრილის გადაწყვეტილებას, დეპუტატის მანდატზე უარი არ ეთქვა. ღადირილიმ განაცხადა, რომ სამართლიანად გაიმარჯვა და არ აპირებს მანდატზე უარის თქმას. 

“ის, რომ პარლამეტში შენი ადამიანი იჯდება, მხოლოდ ქვეყნისთვის არის სასარგებლო”,- ამბობს გურბალი. 

ოპოზიციონერი ისა გამბარის აზრი განსხვავდება ახალგაზრდა პოლიტოკოსის პოზიიცისგან: 

“დეპუტატების უმრავლესობა რომელმაც პარლამენტში ადგილი მიიღო, უკვე ათ წელიწადზე მეტია იქ ზის. დიახ, არის რაღაც ცვლილებები და ახალი სახეები, მაგრამ ისინიც ხელისუფების კადრებია და მათი გამოჩენა საერთო სურათს არ შეცვლის. მილი მეჯლისში პრატიკულად არ არის ოპოზიცია. მილი მეჯლისი კვლავ შესრულებს დაკვეთას, ეს კი პოლიტკურ კრიზისს გაამწვავებს” ,-  ამბობს გამბარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი