ახალი ამბები

როგორც ჩანს, არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ არბიტრაჟს მივმართოთ – კონსორციუმი

12 თებერვალი, 2020 •
როგორც ჩანს, არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ  არბიტრაჟს მივმართოთ – კონსორციუმი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინფორმაციით, საინვესტიციო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო საქართველოს მთავრობისთვის არბიტრაჟში ჩივილს აპირებენ.

კონსორციუმის მტკიცებით, მათ გარდა არბიტრაჟს ანაკლიის პორტის საერთაშორისო ინვესტორებიც მიმართავენ. ამასთან, აცხადებენ, რომ  23 იანვარს სახელმწიფოს შეტყობინება გაუგზავნეს შესაძლო დავის შესახებ და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს, თუმცა მთავრობას მათთან დიალოგი არ სურს:

“2020 წლის 23 იანვარს კონსორციუმმა სახელმწიფოს გაუგზავნა დავის შესახებ შეტყობინება, რომლითაც კიდევ ერთხელ სთხოვა შეხვედრა და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში შესვლა კონსორციუმთან, რათა დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მაშინ, როდესაც კონსორციუმი კვლავ მზად არის, გამოსავალი ეძებოს შექმნილი სიტუაციიდან, რათა მოხერხდეს პროექტის წარმატებით განხორციელება, და სჯერა, რომ შესაძლებელია დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ შესულა კონსორციუმთან კონსტრუქციულ დიალოგში და არ გადაუდგამს ნაბიჯები, რომ თავიდან იქნას აცილებული არბიტრაჟი.

როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს არბიტრაჟს. კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში”, – წერია განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საკუთარ განცხადებაში ისევ ამბობს, რომ პორტის ასაშენებლად საკმარისი თანხების მოძიება მთავრობის ქმედებების გამო ვერ შეძლეს. ანაკლიის პორტის უკვე ყოფილი ინვესტორი ამტკიცებს, რომ მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნათ ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებზე. მთავრობის ნაბიჯების გამო კი, კონსორციუმის თანახმად, შეუძლებელი გახდა, დაესრულებინათ პოტენციურ ინვესტორებთან შეთანხმება.

“სახელმწიფომ გამოიხმო კონსორციუმის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები. დაღრმავების სამუშაოებთან დაკავშირებულ ჰოლანდიელ კონტრაქტორს, ვან ოორდს მოუწია საინვესტიციო ტერიტორიიდან დემობილიზაცია. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ადგილზე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და კიდევ დიდი ხანი უნდა გავიდეს, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს და ოპერირება დაიწყოს, თუ ეს საერთოდ იქნა შესაძლებელი”,-აცხადებენ კონსორციუმში.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC  Hodling (საქართველო).

მასალების გადაბეჭდვის წესი