ახალი ამბები

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ჟურნალისტებზე აგრესიულად თავდასხმისგან

12 თებერვალი, 2020 •
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ჟურნალისტებზე აგრესიულად თავდასხმისგან

საქართვეოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგელების მხრიდან ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეზე გაკეთებული განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ.

ქარტიის განცხადებით, ორგანიზაცია გმობს აღნიშნულს და მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან.

ქარტია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეახსენებს, რომ ნებისმიერი შესაძლო ჟურნალისტური შეცდომა უნდა განიხილებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში:

“მედიის მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განგრძობითობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას” ,- აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.


დღეს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” ანრი ოხანაშვილმა ამორალური უწოდა ამავე არხის ჟურნალისტის მიერ მასზე თავდასხმაში ბრალდებულის მიწვევას და თამარ ჩიხლაძე გააკრიტიკა.

ოხანაშვილი ამბობდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან “მორალი და ზნეობა უპირველესი ღირებულებებია” და როდესაც მისგან გადაუხვევ, მისი თქმით, ჩივილს აზრი არ აქვს”:

“მორალურად არ გრძნობთ პასუხისმგებლობას? თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, რომ ჩივილი აქ არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის გამო ვინმე მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და მე ვიყო ჟურნალისტი, ეს ადამიანი რომ მივიწვიო გადაცემაში ისე, რომ არ ჩავიდე და ვკითხო მოწმეებს, შევეკითო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ძალადობის წახალისება არ არის?

მორალი და ზნეობა ყველას უნდა გაგვაჩნდეს. ელემენტარული ადამიანური მორალი და ზნეობაა, რომ პასუხისმგებლობას გრძნობდეთ თქვენი უპასუხსიმგებლო ჟურნალისტის გამო, რომელმაც ისეთი რამ იკადრა, რაც ჟურნალისტიკის ისტორიაში არ მომხდარა. ჟურნალისტურ სტანდარტს პატივი ეცით. მორალი და ზნეობა უპირველესი ღირებულებაა, როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულება გადაუხვევ, იქ ჩივილს აზრი არ აქვს”, – ამბობდა ოხანაშვილი ტვ “პირველის” ეთერში.

“მედიის კონტროლთან გვაქვს საქმე” – გრიგოლია ოხანაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი