ახალი ამბები

“მედიის კონტროლთან გვაქვს საქმე” – გრიგოლია ოხანაშვილზე

12 თებერვალი, 2020 • 1835
“მედიის კონტროლთან გვაქვს საქმე” – გრიგოლია ოხანაშვილზე

ტელეკომპანია “პირველის” გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ანრი ოხანაშვილის მიერ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” გაკეთებულ განცხადებას სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად და მედიის კონტროლის მცდელობად აფასებს.

ოხანაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო უწოდა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტისას მასზე თავდასხმაში ბრალდებულის გადაცემაში მოწვევის გამო  და მორალი, ასევე, ზნეობა დაუწუნა.

“ვის უწუნებთ, ბატონო ანრი და ბატონო ხელისუფლებავ, მორალს და ზნეობას. რა ტონში გველაპარაკება ამ ბოლო დროს ხელისუფლება, ყაველაშვილიდან დაწყებული ჭკუას რომ გვასწავლის, როგორ წავიყვანოთ გადაცემა, ირაკლი კობახიძე რომ ეუბნებოდა ჟიჟილაშვილს, ნაციონალი ხარო, მე მაქვს ასეთი კითხვა, ნუთუ არცთუ ისე შორეულმა წარსულმა არაფერი გასწავლათ? თამუნა ჩიხლაძე აშუქებდა ამ ამბავს, დაურეკეს “ქართულ ოცნებას,” პირადად ოხანაშვილსაც, შესთავაზეს გადაცემაში მონაწილეობა და იყო უარი.

ბატონო ანრი ოხანაშვილო, თუ ვერ გაიგეთ, დამარცვლით აგიხსნით, მოიყვანა ის ადამიანი იმიტომ, რომ ის კაცი საუბრობდა, რომ პოლიციელებმა სცემეს. სისტემის ძალადობაზე საუბრობდა დაკავების შემდეგ. გესმით, რა არის ჟურნალისტიკა? ვინ დაგნიშნათ თქვენ ჩვენს უფროსებად? ამორალურს უწოდებს ჟურნალისტს, რომელიც ტვ პირველის სიამაყეა. ამას რომ ხელისუფლების წარმომადგენელი იტყვის, რომ უზნეო, უპრინციპო და ამორალურია ჟურნალისტი, რადგან მოიყვანა ეთერში თუნდაც მათზე თავდამსხმელი, რომელიც პოლიცის ძალადობაში ადანაშაულებდა, აქ უკვე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასთან გვაქვს საქმე, მედიის კონტროლთან გვაქვს საქმე. თამუნა ჩიხლაძე მოიქცა სწორად, ეს ადამიანი ლაპარაკობდა, რომ პოლიციამ სცემა. ამიტომ ჟურნალსიტს ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს გაერკვია”, – ამბობს გრიგოლია.

თამუნა ჩიხლაძის გადაცემაში ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევის ნიშნებს ვერ ხედავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე. მისი თქმით, ამ თემაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, რომლის დაკმაყოფილებასაც ჟურნალისტი აღნიშნულ გადაცემაში შეეცადა:

“არ შეიძლება ასეთი ტოტალური და თან მორალური პრესინგი განახორციელო ჟურნალისტზე იმის გამო, რომ მან არ დატოვა უყურადღებოდ ეს ფაქტი”, – აცხადებს ქორიძე.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია ისიც, რაც ბაკურიანის კაფეში მოხდა და ისიც, რომ ბრალდებული პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს.

“ჟურნალსიტი იმ ინტერესს აკმაყოფილებდა, რომელიც საზოგადოებაში იყო”, – ამბობს ქორიძე ტელეკომპანია “პირველთან”.

დღეს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” ანრი ოხანაშვილმა ამავე არხის ჟურნალისტის მიერ მასზე თავდასმაში ბრალდებულის მიწვევას ამორალური უწოდა და თამარ ჩიხლაძე გააკრიტიკა.

ოხანაშვილი ამბობდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან “მორალი და ზნეობა უპირველესი ღირებულებაა” და როდესაც მისგან გადაუხვევ, მისი თქმით, ჩივილს აზრი არ აქვს:

“მორალურად არ გრძნობთ პასუხისმგებლობას? თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, რომ ჩივილი აქ არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის გამო ვინმე მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და მე ვიყო ჟურნალისტი, ეს ადამიანი რომ მივიწვიო გადაცემაში ისე, რომ არ ჩავიდე და ვკითხო მოწმეებს, შევეკითო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ძალადობის წახალისება არ არის?

მორალი და ზნეობა ყველას უნდა გაგვაჩნდეს. ელემენტარული ადამიანური მორალი და ზნეობაა, რომ პასუხისმგებლობას გრძნობდეთ თქვენი უპასუხისმგებლო ჟურნალისტის გამო, რომელმაც ისეთი რამ იკადრა, რაც ჟურნალისტიკის ისტორიაში არ მომხდარა. ჟურნალისტურ სტანდარტს პატივი ეცით. მორალი და ზნეობა უპირველესი ღირებულებაა, როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევ, იქ ჩივილს აზრი არ აქვს”, – ამბობდა ოხანაშვილი ტვ “პირველის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი