ახალი ამბები

ქალმა სამართალდამცველებს 16-ჯერ მიმართა, მას სახელმწიფო ვერ დაეხმარა – საია

12 თებერვალი, 2020 • 2733
ქალმა სამართალდამცველებს 16-ჯერ მიმართა, მას სახელმწიფო ვერ დაეხმარა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ ქალმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, თვითმკვლელობამდე სამართალდამცველებს 16-ჯერ მიმართა, თუმცა მისი დაცვა სახელმწიფომ ვერ შეძლო.

საია-ს ინფორმაციით, დღეს, 12 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას ეკისრებოდათ სათანადო ზომების მიღების ვალდებულება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სახელმწიფო ორგანოებს გარდაცვლილის დედის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

ნეტგაზეთს საია-ს წევრი და საქმის ადვოკატი, თამარ დეკანოსიძე უყვება, რომ ქალზე მისი ქმარი სისტემატურად ძალადობდა, რის შესახებაც იცოდნენ ასევე მეზობლებმაც. თუმცა პოლიციისთვის მათ არ მიუმართავთ. სამართალდამცველ ორგანოებს თავად ქალი და მისი დედა უკავშირდებოდნენ.

„ქალმა სამართალდამცველებს 16-ჯერ მიმართა, ითხოვდა ოჯახში ძალადობისგან დაცვას. ამ შემთხვევებიდან შემაკავებელი ორდერი გამოწერეს მხოლოდ 3 შემთხევაში და გამოძიება სსკ საქმეზე დაიწყო ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს გამოძიება დაახლოებით 1 თვეში შეწყდა ისე, რომ საქმის მნიშვნლოანი გარემოებები არ იყო შესწავლილი – არ იყო შესწავლილი, რომ ამ ქალს ამდენჯერ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის და ძალადობა იყო სისტემური“,- გვიყვება თამარ დეკანოსიძე.

მისივე თქმით, საქმეს ასევე სწავლობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

„მოსამართლემ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული და მწვავე პრობლემა, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აკისრებს, ყოველი შემთხვევა სრულყოფილად და კომპლექსურად შეაფასოს“, – ამბობს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი