ახალი ამბები

ჩოლოიანი წინასწარ პატიმრობაში რჩება

12 თებერვალი, 2020 •
ჩოლოიანი წინასწარ პატიმრობაში რჩება

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანე ჩოლოიანი წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა და დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად მოსამართლემ ჩოლოიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული მარიანე ჩოლოიანი. როგორც ის მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერს, სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება და ითხოვა, პროცესი მის გარეშე გაიმართოს.

განცხადებაში ჩოლოიანი აღნიშნავს, რომ პროცესზე მის ინტერესებს 5 ადვოკატი დაიცავს.

როგორც ჩოლოიანის ერთ-ერთი ადვოკატი, არჩილ შაბაშვილი ამბობს, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის საფუძვლად კი ასახელებს არასაკმარის მტკიცებულებებს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ბრალდების მხარეს და დაზარალებულის ოჯახის ადვოკატს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა. მომდევნო პროცესი 26 თებერვალს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი