სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი შეხვდნენ ევროპარლამენტარებს – მიხაელ გალერს, სანდრა კალიენტეს, ვოლოდიმერ შიმოჩევიშსა და სვენ მიქსერს . შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და წინასაარჩევნო გარემოს.
“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი კითხვა დაისვა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, შეხვედრებზე გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას და ამის მყარი მტკიცებულებები არსებობს.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, აღინიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში.
სტრასბურგში გამართულ შეხვედრებს სასარგებლო დიალოგი უწოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
“განვიხილეთ ყველა თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას, თანამშრომლობას, დაწყებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციით, დამთავრებული შიდა პოლიტიკური პროცესებით. ჩვენი ამოცანა იყო დეტალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის, ევროპარლამენტის წევრებისთვის და ამას დაეთმო თითოეული ჩვენი შეხვედრა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება გიგი უგულავას საკითხს, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას აქვს.
მისი თქმით, საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ისმება არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ და ერთადერთი კითხვა ისმის დროსთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, ხომ არ არის პოლიტიკურად აქტუალური, რაზეც პარტნიორებს განუმარტეს, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყოველი წელი საარჩევნოა და ასეთ შემთხვევაში საერთოდ ვეღარ უნდა ჩატარდეს ვერანაირი გამოძიება.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია და ლევან კობიაშვილი.