ახალი ამბები

“პრინციპში, ვეთანხმებით” – ხაზარაძე საერთო მაჟორიტარებზე

12 თებერვალი, 2020 •
“პრინციპში, ვეთანხმებით” – ხაზარაძე საერთო მაჟორიტარებზე

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ლელო” მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციასთან ერთად ერთიანი კანდიდატებით გასვლის პრინციპს ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ პარტია მშენებლობის პროცესშია. მან ამ საკითხზე ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

ხაზარაძის თქმითვე, მისი პოლიტიკური მოძრაობა დაარსების დღიდან ყველა საერთო ოპოზიციურ მოთხოვნას უჭერდა მხარს. მეტიც, მათთან ერთად აქციებშიც იღებდა მონაწილეობას:

“ოპოზიციას ძირითადად ერთი მოთხოვნა ჰქონდა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით… ჩვენ არ გამოვკლებივართ არც მიტინგს, არც შეკრებას და არც იმ მოთხოვნების დაყენებას, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენს მოლაპარაკებას ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, პრინციპში, ჩვენ ამას ვეთანხმებით, მაგრამ პარტიული მშენებლობის პროცესში ვართ… ამ კვირაში კიდევ ორი ახალი ოფისი უნდა გავხსნათ. ჩვენ არ მივდივართ იმისკენ, რომ ვიღაცასთან გავერთიანდეთ… დამოუკიდებელი ძალა ვართ. დღეს ქვეყანას “ქართული ოცნების” პრობლემა აქვს. შესაბამისად, კოორდინაციაში ვიქნებით, რომ მოლაპარაკება ჩატარდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ოპოზიციურ ძალებს შორის გამარჯვება გარანტირებული იყოს.”

გუშინ, 11 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” 4 აპრილს ოპოზიციის დაგეგმილ აქციას უერთდება, თუმცა საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია არ აქვს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებდა, საერთო კანდიდატებზე შეთანხმება პარტიის შიგნით ჯერ მიღწეული არ იყო:

“რაც შეეხება კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, “ლელოში” ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ოპოზიციურ პარტიიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენი გეგმით ვვითარდებით. “ლელოს” პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი