პრეზიდენტი ელჩებთან განიხილავს, რა შეიძლება მან გააკეთოს ხელისუფლება/ოპოზიციის დიალოგის აღდგენისთვის. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა:
“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ ფაქტს არაერთი საელჩოს, კონგრესმენისა თუ ევროპარლამენტარის განცხადება მოჰყვა.