ახალი ამბები

ადვოკატი ითხოვს ჩოლოიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას

12 თებერვალი, 2020 • 1250
ადვოკატი ითხოვს ჩოლოიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მარიანე ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული მარიანე ჩოლოიანი. როგორც ის მოსამართლისთვის გამოგზავნილ განცხადებაში წერს, სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება და ითხოვა, პროცესი მის გარეშე გაიმართოს.

განცხადებაში ჩოლოიანი აღნიშნავს, რომ პროცესზე მის ინტერესებს 5 ადვოკატი დაიცავს.

როგორც ჩოლოიანის ერთ-ერთი ადვოკატი, არჩილ შაბაშვილი ამბობს, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამის საფუძვლად კი არასაკმარის მტკიცებულებებს ასახელებს:

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ვინაიდან არ არის მტკიცებულებები მარიანე ჩოლოიანის მიმართ. ამ მტკიცებულებებს, თუ არსებითად განსახილველად გადაეცემა, სასამართლო გამოიკვლევს” ,- ამბობს ადვოკატი.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ბრალდების მხარეს და დაზარალებულის ოჯახის ადვოკატს.

როგორც საიას იურისტი რევაზ აჭარაძე ამბობს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს წარმოადგენს, საქმეში, გარდაცვლილის დედის გარდა, ნეიტრალური მოწმეების ჩვენება და ვიდეოკადრებია:

“საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რომელიც როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად ადასტურებს, რომ აღნიშნულ განყოფილებაში მოხდა დანაშაული. ამ დროისთვის გამოკვეთილია მხოლოდ მარიანე ჩოლოიანის ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები. არსებობს როგორც გარდაცვლილის მშობლის, ასევე, მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერის ჩვენება. საქმეში არის ასევე მასალები, როგორიცაა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, არასრულწლოვანთა დაპირისპირების მეთოდის გამოყენება, ასევე ის, რომ ჩოლოიანის მაგიდასთან იმყოფებოდა არაერთი პოლიციელი და არასწორად ამყარებდა კომუნიკაციას”, – ამბობს აჭარაძე.

ჩოლოიანის ადვოკატი კი აცხადებს, რომ კადრებში ფიზიკური დაპირისპირება არ ჩანს, ხმა კი არაა ჩაწერილი. ის ამტკიცებს, რომ ჩოლოიანს არანაირი შემხებლობა არ აქვს ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ჩოლოიანს სახელმწიფო სულ სხვა ბრალს წარუდგენდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი