ახალი ამბები

როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება, კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას – ჰამილტონი “ოცნებაზე”

11 თებერვალი, 2020 •
როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება, კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას – ჰამილტონი “ოცნებაზე”

ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორის, არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, რობერტ ჰამილტონის თქმით, მას არ ახსენდება სხვა შემთხვევა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები ან სენატორები საქართველოს საჯაროდ და “ასე კრიტიკული წერილებით მიმართავენ”. ამის შესახებ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაბურა.

მისი თქმით, დიდი ხანია, რაც საქართველოს მიმართ კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს, თუმცა ეს მხარდაჭერა უპირობო და გაუაზრებელი არ არის:

“როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება – რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა – კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს თავისუფლად ველაპარაკოთ და სიმართლე ვუთხრათ. შეერთებული შტატები დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ერთგული რჩება. როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ”, – ვკითხულობთ “ამერიკის ხმის” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ინტერვიუში, ჰამილტონი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ამერიკელი კონგრესმენების მიმართ გაცემული პასუხი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” არცთუ ისე სერიოზულად აღიქვამს კონგრესმენების წერილებს, სიტუაციის დალაგებაში ხელშემწყობი ფაქტორი არაა.

“მე რომ საქართველოს მთავრობაში პოლიტიკის მწარმოებელი ვიყო, ამ პუნქტებიდან სათითაოდ ყველას გავცემდი პასუხს და მათ ჩემს ამბავს დავანახვებდი. კონგრესში თანხების განაწილების კანონპროექტები ხშირად შედის. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს სასურველ დონეზე მოქნილი, კონგრესში მხარდაჭერის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის საჭიროა იმ მოკავშირე და გავლენიან კონგრესმენებთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომლებიც საქართველოს ყურადღებას აქცევენ. მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და უპასუხონ წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ”, – წერია ინტერვიუში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ამჟამინდელმა ვითარებამ, ჰამილტონმა უპასუხა, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ამერიკის მხარდაჭერას ნატოში. გარდა ამისა, ქვეყანა დაკარგავს  იმ ფინანსურ მხარდაჭერასაც, რაც ამერიკის მხრიდან საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გააჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი