“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი გამაფრთხილებელი წერილის ავტორები, სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, ამერიკის ღირებულებითი ინტერესების გამომხატველი ორი მთავარი ფიგურაა და მათი წერილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
“უბრალოდ, სენატორების წერილი კი არ არის, ეს არის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორპარტიული ხელმძღვანელების პოზიცია და ეს არის ის ხალხი, რომელიც საქართველოს ორპარტიული მხარდამჭერი იყო წლები და შინაარსს მე აღარ გავიმეორებ. იქ ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი ყველაფერი. საქართველოს მეგობრების და ამერიკის პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესების გამომხატველი ორი საკვანძო ფიგურაა ეს და არა, უბრალოდ, სენატორი. თუმცა არცერთი სენატორის რეაქცია არ არის უმნიშვნელო, უბრალოდ, განსხვავება არსებობს”, – განმარტა გიგა ბოკერიამ.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობას წერილი წუხელ გაუგზავნეს.
წერილის შეინაარსის მიხედვით, სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების არშესრულებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნასა და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.
აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას