ახალი ამბები

ომბუდსმენი თადუმაძეზე უგულავას საქმეში: ჩნდება ეჭვები მის ობიექტურობაზე

11 თებერვალი, 2020 • 1164
ომბუდსმენი თადუმაძეზე უგულავას საქმეში: ჩნდება ეჭვები მის ობიექტურობაზე

სახალხო დამცველი უზენესი სასამართლოს მიერ უგულავასა სხვა პირთათვის გამოტანილ განაჩენზე აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს იმ სააფრთხეების მატერიალიზაციას, რომლის გამოც ომბუდსმენი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კოლეგიას, რომელმაც უგულავას საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციების მიერ დადგენილი განაჩენი შეცვალა და უგულავას 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა, შალვა თადუმაძე ხელმძღვანელობდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თადუმაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს ახალდანიშნული მოსამართლეა, ამავე საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს, გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა:

“შალვა თადუმაძე აღნიშნულ საქმეზე სასამართლოში პროკურორად არ გამოდიოდა პირადად, თუმცა ეს ვერ გამოდგება არსებული კონტექსტის უგულებელსაყოფად – საქართველოს პროკურატურაში დადგენილია მკაცრად ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა, სადაც ყველა ქვემდგომი პროკურორი ვალდებულია, ზემდგომი პროკურორის მითითება შეასრულოს, ხოლო პროკურატურის ყველა თანამშრომელი გენერალურ პროკურორს ემორჩილება” ,- წერს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა უნდა ქმნიდეს საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას. ომბუდსმენის თქმით, მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ევროპულ სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი დარღვევა ისეთ საქმეში, სადაც პირი ერთი მხარის წინააღმდეგ ორ საქმეში მონაწილეობდა – პირველ შემთხვევაში გამოდიოდა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის როლში, ხოლო მოგვიანებით, სხვა საქმეში იმავე პირის მიმართ მოსამართლის ფუნქციები შეითავსა. (ვეტშტაინი შვეიცარიის წინააღმდეგ, 33958/96, პარა. 47):

“ნათელია, რომ საქმის განხილვის დროს მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ იმავე საქმის მოსამართლის ამპლუაში განხილვა სამართლიანად აჩენს ეჭვებს მისი ობიექტურობის შესახებ. სწორედ მსგავსი რისკების არიდებისკენ იყო მიმართული სახალხო დამცველის ძალისხმევა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, რაც ეუთო/ოდირისთვის მიმართვაში, პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსვლაში, პროცესზე სრულ მონიტორინგსა და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაში გამოიხატა”, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ომბუდსმენი მის მიერვე გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშს იმოწმებს, სადაც სახალხო დამცველმა დააფიქსირა, რომ ვენეციის კომისიის უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციების არგაზიარებით და პროცესის ნაჩქარევად, ხარვეზიანად წარმართვით, სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეირყეოდა.

სახალხო დამცველის თქმით, რეკომენდაციების არგაზიარების შემდგომ უმკაცრესი შეფასებები გააკეთეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ , ეუთო-ოდირმა, ევროკავშირმა და არაერთმა სხვა ორგანიზაციამ.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში დამატებით გაესვა ხაზი შალვა თადუმაძის უმაღლესი განათლების საკითხს, რომლის გარშემოც შესაბამისი კითხვის ნიშნები არსებობდა.

“სამწუხაროდ, ამ საკითხის საწინააღმდეგო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ შალვა თადუმაძის მოსამართლედ არჩევა. შესაბამისად, გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობის, ისე – კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით.

საგულისხმოა, რომ საქმეში, სადაც მსგავსი შინაარსის, კერძოდ, მოსამართლის დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები იკვეთებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა უკვე დაადგინა.  (გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ, 26374/18.)” – ამბობს ომბუდსმეი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუკი აღნიშნული საქმის შემდგომი განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება, მას შეიძლება ჰქონდეს უაღრესად დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ კონკრეტულად გიგი უგულავას საქმის, არამედ მთლიანად, ქართული მართლმსაჯულებისთვის.

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი