ახალი ამბებისაზოგადოება

ჟენევის დიკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში გზის გახსნის საკითხი განიხილეს

11 თებერვალი, 2020 •
ჟენევის დიკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში გზის გახსნის საკითხი განიხილეს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში რიგგარეშე ვიზიტის დროს წნელისთან მიმდინარე სიტუაცია და გამშვები პუნქტების დახურვის საკითხები განიხილეს.

“ეს კარგია, რომ გამშვები პუნქტები იხსნებოდა, თუმცა არა იმ მოცულობით, როგორსაც ვისურვებდით. ყველაფერი, რასაც ჩვენ განვიხილავთ, ადამიანების საკეთილდღეოდ არის მიმართული. მოდით, ერთად ვიფიქროთ, როგორც უნდა შევუმსუბუქოთ ადამიანებს ცხოვრება”, – ციტირებს ოსური მედია ტოივო კლაარს, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს ევროკავშირიდან.

“ჩვენ ვაფასებთ თქვენს მცდელობას, იპოვოთ საერთო გადაკვეთის წერტილები სიტუაციის დარეგულირებისა და სასაზღვრო რაიონში უსაფრთხოების სისტემის შექმნის საკითხებში. გარწმუნებთ, ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაოცაა იმისთვის, რომ სიტუაცია რაიონში იყოს მშვიდი. და მეორე- სახელმწიფოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შექმნის გზები ვიპოვოთ”, – განაცხადა შეხვედრის დროს მურატ ჯიოევმა, ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირებაში.

ჯიოვის განცხადებითვე, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრები იმ კუთხითაც არის კარგი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამდე ცხინვალის პოზიციის მიტანის საშუალებას იძლევა.

ცხინვალმა ქართულ მხარესთან გადასასვლელი გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩაკეტა, რამაც ახალგორის მოსახლეობას ჰუმანიტარული კრიზისი შეუქმნა. ოსური მხარის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული საპოლიციო პოსტის ჩადგმა ე.წ. საზღვრისპირა წოფელ წნელისში, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.  მას შემდეგ ცხინვალი, კერძოდ კი, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ულტიმატუმს უყენებს თბილისს, რომ გზას მხოლოდ გახსნის წნელისში საპოლიციო პოსტის გაუქმების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი