არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას სამართლებრივად – უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.
ხიდაშელის თქმით, შეუძლებელია, მან უგულავას საქმის ყველა დეტალი იცოდეს, მაგრამ საჯაროდ რაც ცნობილია, მათ შორის, პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან, სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად ეს დაკავება უკანონოა.
“სამართლებრივად ეს დაკავება უკანონოა ბევრი მიზეზის გამო. სამწუხაროდ, დანარჩენი კონტექსტიდან გამომდინარე, სამართლებრივი მხარე, პრაქტიკულად, ყველას დაავიწყდა და ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენ გვაქვს სახეზე ტიპური double jeopardy-ის საქმე, როდესაც ერთი და იგივე დანაშაულისთვის არ შეიძლება ადამიანი ორჯერ გაასამართლონ. “ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების მთავარი არგუმენტია, რომ უგულავაზე იყო ერთი საქმე 5 მილიონზე, რომლისთვისაც მან მოიხადა სასჯელი და მეორე საქმე – 48 მილიონზე, რომლისთვისაც მაშინ 1,3 წელი მიუსაჯა სასამართლომ და, შესაბამისად, ისიც მოიხადა ძირითად სასჯელთან ერთად. ახლა სასამართლოს მესამე ინსტანციამ მოუმატა სასჯელი. ზუსტად ამიტომ არის ორჯერ გასამართლება ერთი და იგივე საქმისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, გიგი უგულავა ციხეში წავიდა 2 დანაშაულისთვის – 5 მილიონის და 48 მილიონის გაფლანგვისთვის – იმის მიუხედავად, სანქცია რამდენწლიანი იყო.
“შესაბამისად, მაშინ რომ გამოსულიყო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ახლა გამოვიდა – 3 წელი და რაღაც თვეები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დღეს ციხეში აღარ იქნებოდა. ზუსტად ამიტომ არის სამართლებრივი ნონსენსი”, – აცხადებს ხიდაშელი და მზადყოფნას გამოთქვამს, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ამ საკითხზე სამართლებრივ დებატებში შევიდეს.
რაც შეეხება უგულავას ხელახალი დაპატიმრების პოლიტიკურ კონტექსტს, თინა ხიდაშელის თქმით: “გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი და აქ უნდა დავსვათ წერტილი. არავითარი “მაგრამ”, “იმ შემთხვევაში”, “ამ შემთხვევაში” ამას არ მოჰყვება”.
ხიდაშელი განმარტავს, რომ პოლიტიკური პატიმრობა ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც უდანაშაულო ადამიანის ციხეში გაშვებას პოლიტიკური მოტივებით და იზომება ბევრი გარემოების კომბინაციით, მათ შორის, ვინ გაასამართლებს, როდის და რა გარემოებებში გასამართლებენ, რა კავშირი აქვს დაკავებულს პოლიტიკასთნ და სხვა.
“ყველა კომპონენტი, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ ადამიანის პატიმრობის პოლიტიკურად განსაზღვრისთვის, სახეზეა უგულავას პატიმრობის შემთხვევაში. გიგი უგულავას არასდროს ჰყოლია ჩემზე დიდი კრიტიკოსი, როდესაც ის ქალაქის მერი იყო, მე, თბილისის საკრებულოს წევრს, არავის იმდენი არ უსაუბრია უგულავას უკანონო მოქმედებებზე, რამდენიც მე, მაგრამ დღეს ის არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი და ამაზე ძალიან მძიმე სახდელს გადაიხდის როგორც პირადად შალვა თადუმაძე, ასევე, დღევანდელი ხელისუფლება”
თინა ხიდაშელის თქმით, გიგი უგულავას დაპატიმრება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთის აზრი აღარ აინტერესებს.
“როდესაც ეს ამბავი ხდება ემისრების ვაშინგტონში ყოფნის პარალელურად, მე მგონი, ცალსახად უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ივანიშვილს დასავლეთის კონტექსტი საერთოდ აღარ აინტერესებს. ასეთი რამ არ მახსენდება, საქართველოში არასდროს მომხდარა ჩვენი პარტნიორების განწყობის, დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების, ქვეყანასთან მეგობრობის პირობების დადგენის ასეთი უგულებელყოფა. ამ ფონზე, დღეს ასეთ გადაწყევტილებას იღებს ივანიშვილის პროკურორი, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს წევრად მოგვევლინა. ეს არის ერთმნიშვნელოვანი დასტური იმისა, რომ საერთოდ აღარ აინტერესებს მას დასავლეთის აზრი. რაც მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონის და დასავლეთის აზრი არ აინტერესებს, არ აინტერესებს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრი, რომელიც დასავლეთით იყურება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოსახლეობა, რომელიც დასვალეთით იყურება, მწარედ დასჯის ივანიშვილს არჩევნებში”, – აცხადებს ხიდაშელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ამავე თემაზე
მდინარაძე კონგრესმენ კინზინგერს ეხმაურება