ახალი ამბები

მდინარაძე კონგრესმენ კინზინგერს ეხმაურება

11 თებერვალი, 2020 • 1085
მდინარაძე კონგრესმენ კინზინგერს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კონგრესმენ ადამ კინზინგერს ეთანხმება, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, თუმცა, დეპუტატის მტკიცებით, საქართველოში სასამართლოს “იარაღად” მხოლოდ 2012 წლამდე იყენებდნენ:

“მეც დავეთანხმები [კინზინგერს], რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის და ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა 2012 წლამდე… ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, იქნება ეს უცხოეთში თუ საქართველოში, ყველას მთელი პასუხისმგებლობით ვეტყვი, რომ სასამართლო პოლიტიკური იარაღი “ქართული ოცნების” ხელში არ არის.”

რაც შეეხება გიგი უგულავას, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სპეკულაციური მესიჯია, თითქოს “ერთი საქმისთვის” უგულავა ორჯერ გაასამართლეს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პერიოდში თანამდებობაზე მყოფ პირებს უგულავაზე დიდი სასჯელი აქვთ შეფარდებული, როცა მათ ბევრად ნაკლები თანხის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

“ისინი აპელირებენ იმაზე, თითქოს ეს არის ერთი და იგივე საქმისთვის ორჯერ გასამართლება. ეს აბსოლუტურად სპეკულაციური მესიჯია. პროკურატურა ყველა ეტაპზე 2013 წლიდან მოყოლებული ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა [ბიუჯეტის ფულის], რაზეც პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოები არ დაეთანხმნენ. თუმცა ეს პოზიცია უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა. ამაში კანონდარღვევა არაფერია. მთავარი ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ პროცედურის დარღვევაზე მიუთითებენ ჩვენი ოპონენტები, სადაც რეალურად პროცედურის დარღვევა არ არის. მეორე მხრივ, ისინი არ ამბობენ, დანაშაული არის თუ არა 48 მლნ ლარის გაფლანგვა, ამაზე საერთოდ  არ საუბრობენ”, – აცხადებს მდინარაძე.

კონგრესმენი ადამ კინზინგერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. კინზინგერის თქმით, „სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“.

„გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი, დღეს დააპატიმრეს და 38 თვე მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა. რომ ვთქვა, ეს შემაშფოთებელია-მეთქი, საკმარისი არ იქნება. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.

ადამ კინზინგერი აქამდე იყო ერთ-ერთი იმ კონგრესმენებიდან, რომლებმაც გიორგი გახარიას კრიტიკული შინაარსის წერილი გამოუგზავნეს. რამდენიმე დღის წინ ის არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი