ახალი ამბები

EMC დეკანოზ მამალაძისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს

11 თებერვალი, 2020 • 807
EMC დეკანოზ მამალაძისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მსჯავრდებულ მამალაძეს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. EMC-ში მიაჩნიათ, რომ მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს ციხეში.

“როგორც ცნობილია, დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით 2019 წლის 15 თებერვალს გაუარესდა. ის თავდაპირველად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, მამალაძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – წერია განცხადებაში.

EMC-ის ინფორმაციით, მამალაძისთვის ადეკვატური ფსიქოთერაპიის წარმართვა პრობლემაა, რადგან იგი 24-საათიანი აუდიო-ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ფსიქოთერაპიის სერვისის მიღება.

“მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით სამჯერ შეაფასეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა, ხოლო კიდევ ერთი დამატებითი ექსპერტიზა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამივე ექსპერტიზის შემთხვევაში დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა”, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მათ შორის, პარალიზებულ კიდურებზე ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები აღინიშნება და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდობის სერიოზული რისკი არსებობს.

როგორც EMC აცხადებს, დასკვნის მიხედვით, პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს მამალაძის შემთხვევის ადეკვატურ მართვას და ექსპერტთა ჯგუფი გასცემს მკაფიო რეკომენდაციას სასჯელის მოხდის გადავადების აუცილებლობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ კატეგორიულად გამორიცხულია, მამალაძის მხრიდან ადგილი ჰქონდეს სიმულაციას, როგორც მითითებულია პენიტენციური სამსახურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში და მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას დამატებით ზიანს აყენებს,.

“ექსპერტიზის დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ საპატიმრო პირობები გახდა მამალაძის ტრავმის მასტიმულირებელი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს განიცადა პოლიტრავმა, რომელიც ვერ იქნა დროულად ამოცნობილი ადმინისტრაციის მიერ და საბოლოოდ გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. დეკანოზის დაკავების, მისი სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების პროცესი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების უხეში დარღვევისა და კლერიკალური და პოლიტიკური აქტორებისგან საინფორმაციო ზეწოლისა და შევიწროების ფონზე მიმდინარეობდა, მას უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში აყენებდა და დაუცველობის ღრმა განცდას უჩენდა”, – აცხადებენ EMC-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში არსებული პირობებისა და მკურნალობის პროცესის ამ ფორმით გაგრძელება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. სწორედ მისი მდგომარეობის გათვალისწინებით EMC საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი