ახალი ამბები

ივანიშვილი აღრმავებს პოლარიზაციას – ბერძენიშვილი უგულავას საქმეზე

10 თებერვალი, 2020 • 783
ივანიშვილი აღრმავებს პოლარიზაციას – ბერძენიშვილი უგულავას საქმეზე

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავასთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯით ბიძინა ივანიშვილი „საბოლოოდ შედგა რეპრესიების გზაზე“ და ამ ნაბიჯით „სპეციალურად ძაბავს ვითარებას და პოლარიზაციას აღრმავებს“.

უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მწვავედ გააკრიტიკეს და უარი განაცხადეს „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.

დავით ბერძენიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს „როგორც ჩანს, სრულიად უსაფუძვლოდ ეგონა, რომ გიგი უგულავა ციხიდან გამოსვლის შემდეგ იქნებოდა ზომიერი და ფრთხილი. მოტყუვდა და მთელი სახელისუფლებო არსენალი გამოიყენა“ … უგულავას „დასასჯელად“.

„რეპრესიების გზაზე შედგა საბოლოოდ ივანიშვილი. სპეციალურად ძაბავს ვითარებას და პოლარიზაციას აღრმავებს. ბიძინა ასლანის გზას საბოლოოდ დაადგა. ესაა ხიდების დაწვის, თვითიზოლაციის გზა. ასლანის ხვედრი მისთვის სანატრელიც შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველომ არ აიტანა და არ აიტანს უღირსებო მმართველს“, – წერს დავით ბერძენიშვილი.

ოპოზიციის გამოხმაურებები იხილეთ აქ:

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი