„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ცნობას, რომ პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე პარტიაში პოსტის დატოვებას აპირებს.
10 ოქტომბერს გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ ფეისბუკზე დაწერა: „გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს“?!
მოგვიანებით „რუსთავი 2-თან“ საუბარში მან თქვა, რომ წყაროსგან ჰქონდა ინფორმაცია პარტიის ლიდერ მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის „მძიმე საუბარზე“:
„მძიმე საუბარი შედგა მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის… გრიგოლ ვაშაძემ მას უთხრა, რომ იხსნის პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას, მას ასევე არ უნდა, რომ იყოს ამ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და დატოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს“.
კილაძემ ასევე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, სწორედ ამ მძიმე „საუბრების შემდეგ მიიღო მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება, როდესაც გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ქმნის მის პირად შტაბს”,- აცხადებს ელისო კილაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და უარყოფენ.
„საშინელი ტყუილია, არასდროს არავის გაუვლია აზრად. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და [გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიული პოზიციის დატოვების] არანაირი მოლოდინი არ არსებობს“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ ენმ-ის პრესსამსახურში.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მარტიდან თავის პირად შტაბს ქმნის „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“, რათა ენმ-სთან, „სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ინდივიდებთან ერთად შექმნას მეტი საფუძველი ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად“.
ვრცლად: