ახალი ამბები

სააკაშვილის გეგმა ბიბლიოთეკის შტაბზე

10 თებერვალი, 2020 • 1240
სააკაშვილის გეგმა ბიბლიოთეკის შტაბზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში განმარტავს მის გეგმებს ბიბლიოთეკაში ოპოზიციური შტაბის მოწყობასთან დაკავშირებით.

სააკაშვილის განცხადებით, ის რჩება ნაცმოძრაობის ლიდერად, თუმცა როგორც მისი ნიკა გვარამიასთან ინტერვიუდან ირკვევა, მას აინტერესებს თანამშრომლობა ისეთ ადამიანებთან, აქტივისტებთან, რომლებიც არ არიან ფორმალიზებული პარტიული სტრუქტურების ნაწილები, თუმცა იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ.

“მე აქ მექნება ყოველდღიური ჩართვები, ჩამოვიყვანთ უცხოელ კონსულტანტებს, რომლებიც გვასწავლიან თანამედროვე ტექნლოგიებს, ფბ-ზე ბრძოლის, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის, მაგალითად უნდა დავნერგოთ სახეების ამოცნობის ტექნოლოგია [საარჩევნო უბნებთან]”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისთვის ცნობილია “ქართული ოცნების” გეგმები: არჩევნებში ძველი ბიჭების მობილიზაცია, მოსყიდვა და ა.შ. მისი თქმით, ამ შტაბში ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებზეც იქნება მსჯელობა.

“ჩემი ყოველი დილა დაიწყება ამ ბიბლიოთეკაში შეკრებილ ხალხთან ურთიერთობით, ამ ტექნოლოგიების დამუშავებით, მთელ მსოფლიოში ჩვენი მეგობრების მობილიზებით”.

ჰორიზანტალური სტრუქტურების შექმნა – სააკაშვილის თქმით, ეს არის ამ შტაბის ერთ-ერთი მიზანი, რაც ასევე პრევენციაა გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური დევნის. სააკაშვილის თქმით, ის ასევე მუშაობს ფულადი რესურსების მობილიზებაზე ქართველ ბიზნესმენებთან, როგორც ამჟამად საქართველოში მყოფ, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებთან. სააკაშვილის თქმით, ბიზნესიც ხედავს პრობლემებს, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ქმნის ქვეყანაში.

“გუშინ შევხვდი ბიზნემსენების ჯფუფს საქართველოდან”.

რატომ ვერ გააკეთებს იგივე საქმეს პარტია ენმ და რა საჭიროა ამისთვის ახალი შტაბი? – ამ კითხვაზე სააკაშვილი პასუხობს, რომ ნაცმოძრაობას უდიდეს წვლილი აქვს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში, მაგრამ არსებობს არაერთი არაპარტიული, საინტერესო სახეა, რომელიც პარტიაში ბუნებრივად არ წავა, “მაგრამ უნდა ჰქონდეს მაგარი ქვეყანა”.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური ძალები საარჩევნო საკითხების ირგვლივ უკვე არიან ერთმანეთთან კოორდინაციაში და ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავენ შეხვედრებს. გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვას, აპირებს თუ არა ამის პარალელური პროცესის შექმნას და რამდენად არის ეს საჭირო, სააკაშვილი პასუხობს:

“ჩვენი ამოცანაა არის შევქმნათ ბევრი პარალელური სტრუქტურა. მე მთლიანად მხარს ვუჭერ ოპოზიციური პარტიების მცდელობას ივანიშვილს რაღაც წაგლიჯონ, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს მონაწილეობა სკამების გაყოფაში, კვოტების გაყოფაში, რას ვინაწილებთ და რას ვიყოფთ, მოუკლავი დათვის ტყავს. საერთოდ ეს არ მაინტერესებს. მეგობრებო, ყველაფერი ძალიან ცუდად არის საქართველოში, ბოლომდე ხდება საქართველოს გაბანძება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ოპოზიციურ დიალოგსა და პოტენციურ შეთანხმებას მინიმუმ საერთო მაჟორიტარებზე, ხოლო მაქსიმუმ – ერთიან სიაზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი