ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო

10 თებერვალი, 2020 •
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის მორიგი სასამართლო განხილვა დღეს, 10 თბერვალს იყო დანიშნული, თუმცა სხდომა ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე გადაიდო.

სხდომის გადადების შუამდგომლობა ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა დააყენა. მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშული შუამდგომლობა დააკმყოფილა და სხდომა 25 თებერვლამდე გადადო. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ავთანდილ წერეთლის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ფორსირებული სასამართლო პროცესები გახდა:

“ის ზეწოლას, რომელიც ხორციელდება უკვე ამდენი ხანია, ბატონი ავთანდილის ჯანმრთლეობამ, სამწუხაროდ, ვერ გაუძლო. ეს არის ფიზიკური, მორალური და სტრესული გარემოება, რასაც მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო. იმედი გვაქვს ყველას, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება და არ იქნება რაიმე სერიოზული შედეგები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურორის, გიორგი მიქავას ინფორმაციით, სასამართლო პორცესის ფარგლებში გამოსაკითხი დარჩა ძირითადი 7-8 მოწმე, გარდა ამისა, დაცვის მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, დაიკითხებიან ის პირებიც, ვინც საქმის გამოძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გაუარესდა და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი