ახალი ამბები

იანვარში თბილისის ეროპორტში მგზავრების ნაკადი 16%-ით შემცირდა

10 თებერვალი, 2020 • 1037
იანვარში თბილისის ეროპორტში მგზავრების ნაკადი 16%-ით შემცირდა

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 16%-ით შემცირდა. აეროპორტი იანვარში სულ მოემსახურა 211 590 მგზავრს, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 252 176 იყო.

ეკონომიკის სამინისტროს კომპანიაში შემცირების მიზეზად რუსეთის მიერ ცალმხრივად შეჩერებულ საჰაერო მიმოსვლასა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას ასახელებენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისგან განსხვავებით, მგზავრების ოდენობა გაზრდილია ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79 759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43 % მეტია წინა წელთან შედარებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 2019 წლის იანვარში 55 895-მა მგზავრმა ისარგებლა.

2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 22,001 მგზავრს მოემსახურა. რაც 38 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრების ნაკადი 60%-ით გაიზარდა და 641 მგზავრი შეადგინა. ამბროლაურის აეროპორტით იანვარში 88 ადამიანმა ისარგებლა, მგზავრების რაოდენობა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 % -ით არის შემცირებული.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 314 079 მგზავრს მოემსახურა, რაც 3 %-ით ნაკლებია 2019 წლის იანვართან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი