აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას აქვეყნებს. კინზინგერი აღნიშნავს, რომ „ცხადია, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაუძლეველი უთანხმოება გაგრძელდება“.
„სამშაბათს პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის ფარგლებშიც ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საერთო მიზნები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. მადლობელი ვარ, რომ თავმჯდომარე თალაკვაძემ ძალისხმევა გამოავლინა და ჩამოვიდა, რათა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა განეხილა და მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.
ჩვენი შეხვედრის შემდეგ ჩავერთე საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში მონაწილე სხვადასხვა პარტიასთან. მართალია, პროგრესი იყო, მაგრამ ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაუძლეველი უთანხმოება გაგრძელდება.
დემოკრატია მარტივი არაა. მართალია, პროტესტი თავისუფალ ქვეყანაში ნორმალური რამაა, ისინი მშვიდობიანი უნდა იყოს. აგრეთვე, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი სასამართლო სისტემა იქნება დამოუკიდებელი და ყველასდამი სამართლიანი, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა.
საქართველოში პროცესებში ჩართული ყველა პარტია უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა მიაღწიონ დემოკრატიას და თავისუფლებსა. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს ძლიერ და შეუქცევად მეგობრობას“.
აქამდე, ადამ კინზინგერმა ოთხ სხვა კონგრესმენთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული შინაარსის წერილი გაუგზავნა. მოგვიანებით კრიტიკული გზავნილები კონგრესის სხვა წევრებისგანაც მოვიდა.
მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ინფორმაციის ნაკლებობითა და გაუგებრობით იყო გამოწვეული და თავად ჩავიდოდნენ აშშ-ში, რათა კონგრესმენებისთვის „ობიექტური ინფორმაცია“ მიეწოდებინათ.