ახალი ამბები

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს 

9 თებერვალი, 2020 •
მარნეულში სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს 

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტი,  “სამართლიანი არჩევნების” რეგიონული წარმომადგენელი  დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია marneulifm-მა გაავრცელა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” რაშან ზიადალიევი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს და  1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით  ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 

აქტივისტი უკვე გაათავისუფლა პოლიციამ, სასამართლო პროცესი კი ორშაბათს გაიმართება. 

რადიო “მარნეული” დაკავებულის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელები მის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რაშიც შეეწინააღმდეგა და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. 

რადიოს ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, რაშან ზიადალიევმა  2019 წლის  5 დეკემბერს, ბიძამისის სახლში ჩატარებულ ჩხრეკა მმართველი პარტიის მიერ მისი დაშინების და ბიძამისის პოლიტიკურ აქტივობაში იძულებით ჩართვის მცდელობად შეაფასა. 


მთავარი ფოტო: რაშან ზიადალიევი; ფოტო: რადიო “მარნეული”

მასალების გადაბეჭდვის წესი