პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი თემა, რომელზეც საქართველოს დელეგაციამ აშშ-ში პარტნიორებთან ისაუბრა, ანაკლიის პორტის საკითხი იყო.
ამის თაობაზე მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა 7 თებერვალს ვაშინგტონიდან.
“ერთ-ერთი თემა იყო ანაკლიის პორტის თემა. ჩვენ რეალურად დაგვჭირდება დახმარება ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომ მოვძებნოთ საიმედო ინვესტორი ამ პროექტისთვის. ეს არის მომავლის ეკონომიკის ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ პროექტი განხორციელდეს”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამერიკელმა კოლეგბმა დაინახეს, რომ საქართველოს სახელწიფომ თავისი ვალდებულებები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, შეასრულა.
“მომავალში სამუშაო შეხვედრები გვექნება აშშ-ში რათა ინვესტორები მოვიძიოთ. პრემიერ-მინისტრიც ჩადის აშშ-ში და ეს არის მისი კომპეტენციის სფეროა. დარწმუნებული ვარ ის აქტიურად იმუშავებს ახალ ინვესტორებთან”, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძე 7 თებერვალს აშშ-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა.
მთავარი ფოტო: არჩილ თალაკვაძე და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი; ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური.