ახალი ამბები

საბჭომ გენპროკურორის თანამდებობაზე პარლამენტს შოთაძე წარუდგინა

7 თებერვალი, 2020 • 2114
საბჭომ გენპროკურორის თანამდებობაზე პარლამენტს შოთაძე წარუდგინა

საპროკურორო საბჭომ პარლამენტს გენპროკურორობის კანდიდატად ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე წარუდგინა.

შოთაძეს მხარი საბჭოს 13 წევრიდან 11-მა დაუჭირა. ერთმა ხმა სოფიო შენგელიას მისცა, კენჭისყრას არ ესწრებოდა “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე.

საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა. გუშინ, 6 თებერვალს კი, 4 კანდიდატი შეარჩია. მათ შორის იყვნენ ირაკლი შოთაძე, ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია და სოფიო შენგელია.

შერჩეული 4 კანდიდატიდან 3-ს კენჭი საპროკურორო საბჭომ დღეს, 7 თებერვალს უყარა.

საბჭოს წევრები არიან: ნანა ხუნჯუა(თავმჯდომარე); ამირან გულუაშვილი; გვანცა გვიმრაძე; ირაკლი გაჩეჩილაძე; ვლადიმერ ნარინდოშვილი; მერაბ ჯერანაშვილი; ივანე კაკალია; ილია ჯანაშია; ირაკლი შენგელია; რევაზ ნადარაია; ოთარ კახიძე; ანრი ოხანაშვილი; რევაზ მიქაბერიძე.

პროცედურის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. ამის შემდეგ ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა.

შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

საპროკურორო საბჭოს 16 იანვრის განცხადების თანახმად, შოთაძის კანდიდატურა მათ წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი