ახალი ამბები

ადამიანის ჯანმრთელობით მევაჭრებიან – ვატო წერეთელი

7 თებერვალი, 2020 • 2558
ადამიანის ჯანმრთელობით მევაჭრებიან – ვატო წერეთელი

“ამ ტელევიიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან”, – ეს განცხადება ტვ პირველის მფლობელმა ვატო წერეთლმა გააკეთა კლინიკა ჰელსიკორში, სადაც წუხელ მამამისი, ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი გადაიყვანეს.

ვატო წერეთელი მამის მდგომარეობის გაუარესებას მიმდინარე სამართლებრივ პროცესს უკავშირებს, რომლის ფიგურანტები ასევე არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ვატო წერეთელი კითხულობს, თუ არა ტელევიზიის, ანუ ტვ პირველის საკითხი, “აბა, რისთვის უნდა აგდებდნენ 70 წლის კაცს ასეთ მდგომარეობაში?!”.

“ჩემს ოჯახს სიცოცხლეშივე გამოუტანეს სიკვდილის განაჩენი. გუშინ გადავრჩით, მაგრამ ბრძოლა გრძელდება უკეთესი ქვეყნისა და საქართველოსთვის. ეს მარტო ჩემი ოჯახის ბრძოლა არ არის, ეს არის ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის”, – აცხადებს ვატო წერეთელი. მის კომენტარს “მთავარი არხი” ავრცელებს.


კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორი რუსუდან ლაგვილავა აცხადებს, რომ ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გადაყვანისას მძიმედ იყო, ამჟამად კი მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმითვე, წერეთლის მდგომარეობა, სავარაუდოდ, „ძალიან დიდი სტრესის შედეგია“.

ავთანდილ წერეთელი, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატოს წერეთლის მამა, კლინიკაში 6 თებერვლის საღამოს გადაიყვანეს. ვატო წერეთლის თქმით, მამა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო გამოიძახა.

შვილის ცნობით, ავთო წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინიკაში შემოყვანის შემდეგ ავთანდილ წერეთელს პირველადი ანალიზები და კორონაროგრაფია ჩაუტარდა.

„დაბალი წნევა აღენიშნებოდა… იყო გარკვეული ცვლილებები გულზე, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენტირებისგან… შემოსვლის მომენტში პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ამ მომენტში არის სტაბილური… მიმდინარეობს შემდგომი დაკვირვება პაციენტზე“, – განაცხადა მან.

„ამ ეტაპზე უტარდება დეტალური კვლევა, რომ დადგინდეს მიზეზი, რამ გამოიწვია მისი ასეთი მდგომარეობა“, – აცხადებს რუსუდან ლაგვილავა.

კლინიკის დირექტორის თქმითვე, „როგორც ჩანს, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის ძალიან დიდი სტრესის შედეგი“.

მისი ცნობით, ავთანდელ წერეთელი „ვერ გაეწერება, სანამ არ გამოჯანმრთელდება“.

ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მამის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

წერეთლისთვის პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს საქმეზე, რასაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან – 2008 წელს ფულის გათეთრების საქმეზე. შვილის თქმით, მას ხშირად უწევს სასამართლოში სიარული, რაც სტრესთანაა დაკავშირებული.

„დღეს რომ მოვიდა [სასამართლოდან], მითხრა, უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა, რამდენიმე წუთში შევედი და უგონოდ იყო”, – ამბობს ვატო წერეთელი.

„70 წლის ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული და დღეში ინსულინის 4 ნემსს უკეთებენ, ყოველდღე საათობით ატარებენ სასამართლოში“, – თქვა ვატო წერეთელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი