ახალი ამბები

ჩინეთიდან ჩამოსულ პაციენტს არ დაუდასტურდა კორონავირუსი

6 თებერვალი, 2020 •
ჩინეთიდან ჩამოსულ პაციენტს არ დაუდასტურდა კორონავირუსი

ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი ორი პაციენტიდან არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის, არც ჩინეთიდან ცოტა ხნის წინ ჩამოსულ პაციენტს.

„საქართველოს მოქალაქე გოგოს არაფერი აქვს სერიოზული, ჩინეთის მოქალაქე პაციენტს კი B ტიპის ვირუსი, ანუ ვირუსული გრიპი დაუდგინდა. ლუგარის ცენტრის კვლევამ გამორიცხა ორივე პაციენტის კორონავირუსის შემთხვევა“, – წერს პრესსამსახური ფეისბუკზე.

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ლუგარის ლაბორატორია) დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, NCDC-ის წარმომადგენლებმა აღნიშნული ორი პაციენტისგან საღამოს 8 საათისთვის აიღეს ნიმუშები და სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურეს, რომ არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს.

„ჩინეთის მოქალაქეზე, რომელიც გადაყვანილი იყო თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ინფექციურში, დადასტურდა ბ ტიპის ვიქტორიას ქვეტიპის გრიპი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ მოათავსეს. გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა, ის კორონავირუსით ყოფილიყო ინფიცირებული, რაც არ დადასტურდა.

სავარაუდოდ, B გრიპი აქვს – დირექტორი „ინფექციურში“ მყოფ ჩინეთის მოქალაქეზე


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 28 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული მსოფლიოს მასშტაბით, მათგან 560 ადამიანი დაიღუპა, აბსოლუტური უმრავლესობა უშუალოდ ჩინეთში.

ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, 30-მდე ქვეყანაში შეაღწია. ჯერჯერობით საქართველოში არ დადასტურებულა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო ოფიციალურმა პეკინმა „ჩაკეტა“ რამდენიმე ქალაქი – შეზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა და აკრძალა ქალაქის დატოვება.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომ, ქალაქ ვუჰანიდან, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარიც ჩაკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი