ახალი ამბები

სავარაუდოდ, B გრიპი აქვს – დირექტორი „ინფექციურში“ მყოფ ჩინეთის მოქალაქეზე

6 თებერვალი, 2020 •
სავარაუდოდ, B გრიპი აქვს – დირექტორი „ინფექციურში“ მყოფ ჩინეთის მოქალაქეზე

ჩინეთის მოქალაქე ახალგაზრდა კაცს, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება, სავარაუდოდ, B ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპი აქვს, — აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, კლინიცისტი თენგიზ ცერცვაძე.

„რენტგენოლოგიურად ამ პაციენტს არც პნევმონია არ აღმოაჩნდა, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსით ინფექციის ალბათობას“, — განაცხადა მან 6 თებერვლის საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას.

„წინასწარი კვლევით მას, სავარაუდოდ, აქვს B გრიპი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თანახმად, პაციენტს აღენიშნება ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია და სისუსტე, — „მაგრამ ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც“, ამბობს იგი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ვარაუდობს, რომ „არც ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც წინა შემთხვევაშიც, კლინიკური და იმ ინსტრუმენტულ-ლაბორატიული გამოკვლევებით, რაც ჩვენ ჩავატარეთ, არცერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს ახალი კორონავირუსით ინფექცია”.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვთხოვეთ ლუგარის ცენტრს, აეღოთ მასალა აღნიშნული პირისგან და კიდევ ერთი ქალბატონისგან. როგორც გვითხრეს, დღეს, ღამის 12 საათზე პასუხი გახდება ცნობილი“, — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრეს NCDC-ში, ამ გამოკვლევის პასუხს ხვალ დილით გააცნობენ მედიას.


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 28 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული მსოფლიოს მასშტაბით, მათგან 560 ადამიანი დაიღუპა, აბსოლუტური უმრავლესობა- უშუალოდ ჩინეთში.

ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, 30-მდე ქვეყანაში შეაღწია. ჯერჯერობით საქართველოში არ დადასტურებულა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო ოფიციალურმა პეკინმა „ჩაკეტა“ რამდენიმე ქალაქი – შეზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა და აკრძალა ქალაქის დატოვება.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომ, ქალაქ ვუჰანიდან, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარიც ჩაკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი