ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილი: ლიკა კიკიანის საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და არა გენინსპექციამ

8 ივლისი, 2015 •
ანა ნაცვლიშვილი: ლიკა კიკიანის საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და არა გენინსპექციამ

“როდესაც მოქალაქე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, ეს ასეა თუ არა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ეს გამოძიება თავიდანვე პროკურტაურამ უნდა წარმართოს. ამ შემთხვევაში გენინსპექციის ჩართვა უბრალოდ არასწორია და შეიძლება გარკვეული კითხვები გააჩინოს. იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც საგამოძიებო ქვემდებარეობას ადგენს, აცხადებს, რომ პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დანაშაული პროკურატურამ უნდა გამოიძიოს სწორედ იმიტომ, რომ შსს-ს მიერ მისი გამოძიება თავიდანვე აყენებს ინტერესთა კონფლიქტის სახეს. პრაქტიკაში დადგება თუ არა ინტერესთა კონფლქიტი, არ ვიცით, მაგრამ ინსტიტუციურად, როცა გენინსპექცია იძიებს საქმეს, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, უფრო მართებული იქნება პროკურატურას გადაუგზავნოს”, – ამბობს იგი.


პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ისინი გამოძიებას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ დადგინდება, რომ დანაშაულის ფაქტს ადგილი ჰქონდა და ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, მანამდე საქმეზე გენინსპექცია მუშაობს.

 
 
“პროკურატურა მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებს გამოძიებას, თუ პოლიციელების მიერ დანაშუალის ჩადენა სახეზეა. როგორც კი დადგინდება რაიმე და თუ საჭირო იქნება, პროკურატურაში აუცილებლად გადმომისამართდება ეს საქმე. ჯერ უნდა დადგინდეს რეალურად ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი. თუ ვინმე პასუხისგებაში იქნება მისაცემი, პროკურატურაში გადმოიგზავნება ყველა მასალა”, – გვითხრეს პროკურატურაში.


ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, გენინსპექცია თავისი მანდატის ფარგლებში სწავლობს, არის თუ არა პოლიციის საქმიანობაში დისციპლინური გადაცდომა.


“ამ შემთხვევაში ლიკას ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ ის დისციპლინურ გადაცდომაზე არ აპელირებს, გაცილებით უფრო მძიმეა ის, რასაც თვითონ ყვება და ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასეთ დროს კანონმდებლობა ნათლად გვეუბნება, რომ აქ მთავრდება გენინსპექციის და იწყება პროკურატურის უფლებამოსილება. რა აზრი აქვს ახლა, გენინსპექცია რომ იწყებს მოკვლევას? ამ კონკრეტულ საქმეზე არ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად ჩვენ გვაქვს ქეისები, როდესაც გენინსპექციის მხრიდან გამოძიება უბრალოდ დროის გაყვანის ტაქტიკაა იყო და მეტი არაფერი”, – აცხადებს საიას ხელმძღვანელი.

 

კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელი აცხადებს, რომ კუს ტბაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მომხდარ ამბავს ყვება. 


მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5s დაამტვრიეს.

 

კიკიანის თქმით, პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანებიც, ვინც მას გამოექომაგნენ. საბოლოო ჯამში, კიკიანის თქმით, პოლიციიდან ხელწერილით გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.

 

მისი თქმით, ზემოხსენებული პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ. იგი პოლიციელების მანქანის ნომერსაც ასახელებს: AA 235 CC.

 

შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, საქმის შესწავლა გენინსპექციამ დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.


“კლუბ “ვიტამინის”თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა”, – აცხადებს გიორგობიანი. 

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი