სახალხო დამცველის თქმით, პროკურატურამ უარი განაცხადა, ომბუდსმენის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.
სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება სსკ-ის 352-ე მუხლით და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები, მათი თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად. საქმე ეხება 23 იანვარს პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების გასაჯაროებას: პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ეწერა, რომ სახალხო დამცველი საღამოს საათებში მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა. მანამდე იუსტიციის მინისტრმა გამოაქვეყნა სახალხო დამცველის წარმომადგენლის მსჯავრდებულთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი. ლომჯარიას თქმით, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა პატიმრები აიძულოს, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისგან, რითაც სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი ეშლება. სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
“ჩვენ ძალიან ცოტა ხნის წინ მივიღეთ ოფიციალური პასუხი პროკურატურისგან და ისინი უარს აცხადებენ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგანაც მიაჩნიათ, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო. ვესაუბრე შესაბამის პირებს და ჩემი პოზიცია კვლავ უცვლელია – ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველზე ზეგავლენას, რაც იკრძალება სისხლის სამართლის კოდექსით. ველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებას და მხარდაჭერას. არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას შევხვდით და ისინი გამოხატავენ ჩვენ მიმართ მხარდაჭერას”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარია ასევე ელოდება სახელმწიფო ინსპექტორის მოკვლევის შედეგებს.
“ვიცი, რომ დაწყებულია მოკვლევა პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. ველოდები ინსპექტორის მხრიდან დროულ რეაგირებას. კიდევ ერთხელ მივმართავ და გავარკვევთ, რა ეტაპზეა მოკვლევა, იმიტომ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა სჭირდება”, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, პატიმართა მდგომარეობის შესახებ თავად სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია და ლომჯარია მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მხოლოდ კონფიდენციალურობის დაცვით.
ლომჯარია ოქრუაშვილს და მერაბიშვილს შეხვდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური
ლომჯარია ოქრუაშვილს და მერაბიშვილს შეხვდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური